ბრიტანელმა ქალმა განაცხადა, რომ თინეიჯერობის ასაკში საბერძნეთსა და იტალიაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
25 წლის მეგან სტივენსი (ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი და გვარი) ამბობს, რომ პროსტიტუციაში ჩაბმა მეგობარმა ბიჭმა 14 წლის ასაკში აიძულა.
განსაკუთრებით მძიმედ მეგანს ერთი დღე ახსენდება, როდესაც აიძულეს მომსახურებოდა 110 კლიენტს 22 საათის მანძილზე. გოგონა იმდენად ცუდად გახდა, რომ სუტენორი იძულებული გახდა, ბორდელი დაეკეტა.
მისი თქმით, ტრაგედია საბერძნეთში დაიწყო, სადაც დედამისთან ერთად ისვენებდა. ზღვისპირა ბარში შეხვდა ალბანელ ბიჭს, სახელად ჯეკს.
სანამ მეგანის დედა, რომელიც ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული, ბარის მეპატრონესთან რომანით იყო გართული, მეგანი ჯეკთან გადავიდა საცხოვრებლად.
ბიჭმა შესთავაზა, მასთან ერთად წასულიყო ათენში და სამსახური კაფეებში მოეძებნათ. საბერძნეთის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ მეგანი აიძულეს პროსტიტუციაში ჩართულიყო. სხვადასხვა სუტენიორი მას სხვადასხვა ბორდელში ამუშავებდა საბერძნეთსა და იტალიაში.
ბორდელებზე საუბრისას მეგანი იხსენებს :
„კაცები გარეთ რიგში იდგნენ. 10-დან 15 ოთახამდე იყო ბორდელში და გაჩერების უფლება არ გვქონდა.“
მისივე თქმით, ტრეფიკინგის ორგანიზატორები „ძალიან, ძალიან ჭკვიანები არიან“ :
„არ არის ასეთი მარტივი გაიქცე და ეს ყველაფერი მიატოვო, მინდა ეს ყველამ გაიგოს. ისინი გართმევენ იდენტობას და თავის საკუთრებად აქცევენ, ხდები მათი ნივთი, რობოტი.“
მეგან სტივენსი ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და სურს, დააარსოს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლებს დაეხმარება.
