თითქმის ოთხწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, BTS ,,არმის” ახალი მუსიკითა და მსოფლიო ტურნეთი უბრუნდება.
BTS სცენაზე ბრუნდება! – ჯგუფმა გრანდიოზული მსოფლიო ტუნე დააანონსა
სამხრეთ კორეული ბენდი 20 მარტს ალბომს – Arirang გამოუშვებს, 19 აპრილიდან კი გასტროლებს დაიწყებს, რომელიც 2027 წლის 14 მარტამდე გაგრძელდება.
ჯგუფის მომავალი მუსიკალური პროექტი 14 სიმღერისგან შედგება, რომელთაგან ჯერჯერობით სინგლის სახით, არც ერთი დარელიზებულა.
აღსანიშნავია, რომ კოლექტივი დისკის პრომოუშენისთვის 21 მარტს გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, რომელიც ექსკლუზიურად, Netflix-ზე გადაიცემა. შოუ სახელწოდებით – BTS The Comeback Live | Arirang პირდაპირ ეთერში სეულის ისტორიული გვანგჰვამუნის მოედნიდან გაიმართება. ტრანსლაცია საქართველოს დროით, 15:00 საათზე დაიწყება.
ეს მოვლენა ასევე აღიბეჭდება სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში – „ბითიესი: დაბრუნება“, რომლის პრემიერა ასევე Netflix-ზე, 27 მარტს შედგება. ნამუშევარი ასახავს ალბომის შექმნის პროცესსა და სეპტეტის გაერთიანებას სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ასევე მოგზაურობას, რომელმაც გუნდის შვიდი წევრი გლობალურ კერპებად აქცია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 14 ივნისს, BTS-ის წევრებმა დროებით ჯგუფური აქტივობების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, ვინაიდან ჯინი, ჯეი-ჰოუპი, RM, შუგა, ჯიმინი, V და ჯონგუქი სამხრეთ კორეის ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად გაიწვიეს. მათი გაწვევა ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა. მათ სამხედრო სამსახური ასევე ეტაპობრივად, 2025 წლის ივნისამდე მოიხადეს. კოლექტივმა სრული შემადგენლობით დაბრუნებისა და ახალი ალბომის შესახებ ოფიციალური განცხადება, 4 იანვარს გააკეთა.
ცნობისთვის, ლონგფლეის სახელწოდებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი ჯგუფის კორეულ მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს, ვინაიდან Arirang ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორეული ხალხური სიმღერაა, რომელიც 600-ზე მეტი წლის წინ შეიქმნა და 3600 ვარიაცია აქვს. 2012 წელს ,,იუნესკომ” Arirang კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.