LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩუკური: „საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან და გაუნათლებლობისგან“

129
ანა ბუჩუკური

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას: რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა და ნუ დაელოდებით არჩევნებს. შიმშილობენ ეს ბავშვები“, – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უმრავლესობის დეპუტატებს.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, „საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა შიმშილობა, პედოფილია და გაუნათლებლობა.

„ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ბავშვთა მალნუტრიცია ჰქვია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება საკვების დეფიციტის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ვერ იღებს. ამ მდგომარეობას ხშირად „ფარულ შიმშილს“ უწოდებენ, ხოლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას და ხშირად იწვევს კოგნიტიური განვითარების შეფერხებას.

მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ მდგომარეობაში ბავშვი უბრალოდ ვერ ვითარდება. საჯარო სკოლებში ე.წ. სასკოლო კვება 2022 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს არჩევნებისთვის გადადო. იმედია, ახლა მაინც გააკეთებთ – თქვენი ინტერესია. მაგრამ უნდა გაკეთდეს ხარისხიანად, როგორც დაგეგმილი იყო და არა მორიგი კორუფციული სქემებით, რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასავსებად.

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაჭირვებისგან – ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში საარსებო შემწეობას 175 585 ბავშვი იღებს.

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პედოფილებისგან. საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან ადრეულ ასაკში ქორწინებისგან. სახალხო დამცველის ბოლო გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან. წარმოუდგენელია იმ ბავშვების დათვლა, რომელთა მშობლები, ხშირ შემთხვევაში, დედები, სოციალური და ეკონომიკური სირთულეების გამო მოშორებულები არიან საკუთარ შვილებს, ოჯახებს, სამშობლოს და ევროპასა და ამერიკაში არიან იძულებით სამუშაოდ გადასახლებულები.

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაუნათლებლობისგან. OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 81 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, საქართველო OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს მის სამივე ნაწილში ჩამორჩება. ამავე კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრების მხრივ ქართველი მოსწავლეების მაჩვენებელი გაუარესდა. ასე, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან. მაგრამ ხელისუფლებას ეს ბავშვები, ისიც დროებით, რატომღაც მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება. ამას არ ჰქვია ბავშვებზე ზრუნვა. ეს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობის გახანგრძლივების მცდელობებია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g