LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბუნებრივი აირის ნამწვი (CO) ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია” – “ყაზტრანსგაზი” მოსახლეობას აფრთხილებს

470_20180713155758

ხეთაგუროვის ქუჩა 4-ში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმციას კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი” ავრცელებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაზის დანადგარების გამოყენებას.

კომპანიის ინფორმაციით, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა 4-ში, ცოლ-ქმარი აკრძალულ, ღია კამერიან წყლის გამაცხელებელს იყენებდა. ადგილზე მისულმა კომპანიის სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ გამოიყენონ აღნიშნული დანადგარი. ასევე, კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით, კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს.

„გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი დაერთებული იყო კორპუსის სავენტილაციო არხში, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს ჩაუტარდა უსაფრთხოების ინსტრუქცია და გააფრთხილეს, რომ არ გამოიყენოს აღნიშნული დანადგარი,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონემ უარი თქვა შემოწმებაზე და სპეციალისტებს კარი არ გაუღეს.

„მსგავსი შემთხვევები ხშირია და კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე. აკრძალული გაზის დანადგარების ჩაჭრას კი, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით, მობინადრეები სახლში არ უშვებენ,“ – აცხადებენ კომპანიაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაზის დანადგარებს – „გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი აირის ნამწვი (CO) ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები