პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული “საქართველოს განვითარების ფონდის” პრეზენტაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ფონდის აღმასრულებელიდირექტორის ვანო მაჭავარიანის თქმით, “საქართველოს განვითარების ფონდი” ჩამოყალიბების პროცესშია და კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც საზოგადოების ცალკეულ აქტიურ წარმომადგენლებთან, ისე ორგანიზაციებთან. მაჭავარიანის განცხადებით, “საქართველოს განვითარების ფონდი” საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით განიხილოს აქტუალური თემები, გაკეთდეს სწორი აქცენტები და საზოგადოებას მიეწოდოს ის ხედვები, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემურ თემაზე როგორც ანალიზს, ასევე გარკვეულ გამოსავალს ან პრობლემის გადაჭრის გზებს მოიცავს.
კითხვაზე – “საქართველოს განვითარების ფონდი” არის თუ არა გარკვეული პლატფორმა პოლიტიკური პარტიისთვის, ვანო მაჭავარიანი პასუხობს, რომ “ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და თუ საჭირო იქნებოდა, დარქმეოდა პოლიტიკური პარტია, ასეც დაერქმებოდა”.
“ჩვენ ვმუშაობთ ერთწლიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ფონდში” მაქსიმალური ძალისმევის ჩადებას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წესდებით არის განსაზღვრული. ჩვენს გეგმებშია, საზოგადოებასთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავის საქმის პროფესიონალები არიან, მოხდეს ყველა აქტუალური თემის განხილვა და გამოსავლის გზების დასახვა – ეს არის მთავარი მიმართულება, რომელიც დასახულია. რა თქმა უნდა, ფონდში შემავალ ადამიანებს, აქვთ თავიანთი პოლიტიკური შეხედებულებები, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მისივე ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. ფონდის პრეზენტაცია მისი დაბრუნების შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.
პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდი” დააფუძნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ფონდის წევრები არიან: ვანო მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და სხვები.