ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მ აპრილის შედეგებით გაერთიანებული სამეფოს ელექტრომობილების ბაზარზე პირველი ადგილი დაიკავა და გაყიდვებით Tesla-სა და Volkswagen-ს გადაასწრო.
გამოცემა Carscoops-ის ინფორმაციით, რომელიც ბრიტანეთის ავტომწარმოებელთა და დილერების ასოციაციის – SMMT-ს მონაცემებს ეყრდნობა, აპრილში BYD-ის გაყიდვები წლიურად ორჯერ გაიზარდა და 5 059 ავტომობილს მიაღწია.
2026 წლის პირველი ოთხი თვის ჯამში კომპანიამ ბრიტანეთში 26.4 ათასზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 124%-იანი ზრდაა.
BYD-ში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის ელექტრომობილების ბაზრის ლიდერობამდე მისასვლელად კომპანიას მხოლოდ სამ წელზე ცოტა მეტი დასჭირდა. წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხელმისაწვდომი ფასები, მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი და საწვავის გაძვირება სახელდება.
ამავე პერიოდში ბრიტანეთში სრულად ელექტრული ავტომობილების გაყიდვებმა 39 ათასს გადააჭარბა, რაც წლიურად თითქმის 60%-იანი ზრდაა.
ამჟამად ელექტრომობილები ბრიტანეთის ბაზარზე პოპულარობით მხოლოდ ბენზინის ძრავიან ავტომობილებს ჩამორჩებიან და უკვე უსწრებენ როგორც ჰიბრიდებს, ისე დიზელის მოდელებს.
მიუხედავად ელექტრო სეგმენტში ლიდერობისა, საერთო გაყიდვებში BYD მხოლოდ მე-12 პოზიციაზე აღმოჩნდა.