გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Capital Finance International საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის.
სტატია სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“ საქართველოს ეკონომიკას, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, ტურიზმის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის ათვისების საკითხებსა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად გადადგმულ ნაბიჯებს ეხება. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული მდებარეობის მქონე საქართველო ინვესტორებს მიმზიდველ გარემოს სთავაზობს.
პუბლიკაციის დასკვნით ნაწილში, ქვესათაურით „გზა რეგიონის ლიდერობისკენ“, აღნიშნულია, რომ საქართველო მიზნად საკუთარი, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის პოზიციების გაძლიერებას ისახავს, რაც მოიცავს ეკონომიკის დივერსიფიკაციას ტრადიციული სექტორების მიღმა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჩათვლით.
Capital Finance International ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინრესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესთან, ეკონომიკასა და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები (AIM), Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები, მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი და სხვა.