LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: აშშ-ს ერთ მილიონ მოსახლეზე უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე საქართველოს

78
5tengiz-cercvadze

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ “თუ ბოლო დღეების ტენდენციას გავითვალისწინებთ, სახეზეა სტაბილიზაცია ახალი შემთხვევების რაოდენობის და შესაბამისად, აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობის”. თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ იყო 5-6 ათასი და მეტიც ინფიცირებული, ბოლო ორი დღეა დაახლოებით 4 ათასის ფარგლებშია.

„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და ამის შენარჩუნების გზა ჩვენს ხელშია, მოსახლეობის ხელშია, დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის და რომელიც დაემატა ბოლო დღეებში. თუ ჩვენ ამ რეგულაციებს დავიცავთ და შევძლებთ, რომ მივეჩვიოთ პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა თუ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათაც ვერ შეძლეს ამის თავიდან აცილება, „მეტიც, აშშ-ს ერთ მილიონ მოსახლეზე უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე საქართველოს“.

„70 და უფრო მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან, პანდემიასთან, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დააზიანა. 4.5 მილიონზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში. ეს ნაკლები შეღავათია ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში.

ამასთან, ცერცვაძის სიტყვებით, “გარდაცვალების პიკი როგორც წესი, ჩამორჩება ახალი შემთხვევების მატების პიკს ორი – სამი კვირით, სრულიად გასაგები მიზეზების გამო”.

“დღეს გვაქვს ჩვენ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება, როცა იყო 6-7 ათასი შემთხვევა. ბუნებრივია ახლად დაინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება იმ დღესვე ან მეორე დღეს, ან თუნდაც ერთი კვირის მერე კი არ ხდებოდა, არამედ 2-3 კვირის მერე. ეს პროგნოზირებადი ფაქტია, როცა გვაქვს ახალი შემთხვევების პიკი, გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში და ვფიქრობ, რომ ახლა არის სწორედ ეს პიკი. როცა დაიწყება ახალი შემთხვევების კლება, ამას მოჰყვება 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალების კლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585, ხოლო გარდაიცვალა — 73 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები