ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოშია ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “პირველ არხთან” ისაუბრა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნამ შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდვითარების გაუარესება, ხოლო იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, მოსახლეობამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები.
„ერთია აკრძალვა და მეორეა თვითშეგნება. თვითონ უნდა დაუწესონ თავის თავს გარკვეული აკრძალვა. მოდის ეს ერთი ახალი წელი. კი, ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ახლა ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული. ნუ იქნება პომპეზური, ნუ იქნება ფართე. აღვნიშნოთ მხოლოდ ოჯახურ წრეში.
არ არის აუცილებელი გაზრდილი მობილობა, მისვლა-მოსვლა, თუნდაც საჩუქრების ყიდვა. შემოვიფარგლოთ, უფრო მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს ახალი წელი და ასეთ შემთხვევაში, ის არ მოახდენს გავლენას ამ ეპიდვითარებაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
491 ათას ლარიანი ბიუჯეტით, საახალწლო კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება
ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, “ჩვენთან ლოკდაუნმა უეჭველად მოახდინა დადებითი გავლენა პანდემიის დინამიკაზე, შეჩერდა ზრდა”, თუმცა მისივე თქმით, ნაჩქარევ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაცია უკვე მოხდა და იმედოვნებს, რომ დინამიკა წავა კლებისკენ.
„რაც შეეხება გაფართოებულ ტესტირებას, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც იოლი არ არის. დაკავშირებულია ხარჯებთან, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსთან. ადრე, როცა 10 000 ტესტი კეთდებოდა, ეს იყო საშუალო ევროპულ დონეზე, 20 000-ით უკვე ლიდერ ქვეყნებს გავუთანაბრდით. ეს მნიშვნელოვანია. რაც მეტ ტესტს აკეთებ, მეტს ავლენ და ნაკლები რჩება გამოუვლენელი. ტესტირების გაზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზა პანდემიის შესაჩერებლად. ყველაფერი ეს მაძლევს იმედს, რომ ამ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს ჩვენი ქვეყნისთვის, პანდემიის თვალსაზრისით, დავძლევთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.