„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ რომან გოცირიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც გოცირიძემ აღნიშნა, რომ ჩალაძის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებით პროცესებმა კომიკური სახე მიიღო, განაცხადა, „ბატონ რომან გოცირიძეს შეუძლია, აკეთოს რაც უნდა, მისით საერთოდ არ ვინტერესდები“.
„საერთოდ არ მაინტერესებს ბატონი რომანი, ხანდაზმულია თუ არა, ეიჯიზმით არ ვარ დაკავებული, არ მაინტერესებს მისი აზრები. საერთოდ ადამიანის სიტყვას უნდა ჰქონდეს წონა და ძალიან ცუდია, თუ ამ წონას კუპონის წონა ექნება.
ჩემი სტილი არ არის „ფეისბუკის“ კომენტარებში სირბილი. მე ჩემი განაცხადი გავაკეთე, ჩემი სამუშაო ადგილი და საქმე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და „ფეისბუკით“ დაკავდება ის, ვინც უნდა დაკავდეს. ძალიან ცუდია, რომ ადამიანებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ „ფეისბუკის“ პლატფორმა სასაუბროდ. ბატონი რომან გოცირიძე თუ პარლამენტის წევრია, ვფიქრობ, უნდა დაკავდეს საპარლამენტო საქმიანობით“, – განაცხადა ჩალაძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარტიის წევრები მხარს დაუჭერენ, ჩალაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულ გეგმებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
„არანაირი მოლოდინები არ მაქვს. ჩვენმა ამომრჩევლებმა, ნამდვილმა „ნაციონალებმა“ გადაწყვიტონ არის თუ არა ის პროგრამა, რომელიც წარედგინებათ მათთვის სასურველი.
საერთოდ ეს წივილ-კივილის და ვითარების ხელოვნურად დაძაბვა არ მიმაჩნია, რომ რამეს ემსახურებოდეს. ჩვეულებრივი არჩევნებია და ამაზე ამხელა ყურადღება რატომ არის მართლა მიკვირს“, – განაცხადა ჩალაძემ.