„კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელმა, პოლიციელს დემონსტრაციულად, კამერების წინ გაარტყა ხელი, ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს უწყების რეპუტაცია.
„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია, შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი… ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი.
სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი.
გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ ათი „ნაციდან“ 9 მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. სუბიექტურად, ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, უკვე 23-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.