LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანჩქერები საქართველოში, რომლებიც მსოფლიოს ულამაზეს ჩანჩქერებს არაფრით ჩამოუვარდება (ფოტოები)

10532
1747c46526

მართალია, წელს ზაფხულის სიცხეს დიდად არ შევუწუხებივართ და საკმაოდ გრილი ზაფხული გვაქვს, თუმცა ქალაქის ხმაური ალბათ ყველას დისკომფორტს გვიქმნის. ქალაქგარეთ გასვლა სიმწვანეში, ჟანგბადით სავსე გარემოში, თუნდაც ერთი სრული დღით, დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლებაში ნამდვილად დაგვეხმარება.

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი ლამაზი ბუნებით და  კულტურული ძეგლების სიმრავლით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ჩამოუვარდება. აქ უამრავი ადგილია, რომელიც, შესაძლოა, ჯერ არ გვინახავს.

ამიტომ, კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ამჯერად რამდენიმე ქართული ჩანჩქერის შესახებ გაწვდით ინფორმაციას. შეარჩიეთ თქვენს ქალაქთან ახლოს მდებარე რომელიმე ჩანჩქერი და აუცილებლად ეწვიეთ მას.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

P.S: ცხადია, საქართველოში ბევრად მეტი ჩანჩქერია, თან ერთმანეთს სილამაზით არც ერთი ჩამოუვარდება, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ 9 შევარჩიეთ, რომლებიც თავისი სილამაზით და გარშემო არსებული ბუნებით გაგაოცებთ.

1.სიყვარულის ჩანჩქერი- გულის ფორმის ჩანჩქერი, რომელიც რაჭაში, კერძოდ ქალაქ ამბროლაურში მდებარეობს, შეიძლება ხელოვნურად შექმნილი გეგონოთ, თუმცა ეს ასე არ არის.  ასე რომ, თუ ამბროლაურში იმყოფებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ შესანიშნავ ჩანჩქერსაც, რომელიც უნიკალური ბუნებით გამოირჩეულ ამბროლაურს, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ტურისტებისთვის.

2. ტყუპი ჩანჩქერი – აჭარაში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს. 47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი, რომელიც განსხვავებულ და ლამაზ გარემოს ქმნის. ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.  ჩანჩქერთან მიდის ბილიკი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. ბილიკის ბოლოს კი მოწყობილია საპიკნიკე სივრცეც.

3.ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი – ესეც აჭარაში, კერძოდ სარფში შეგიძლიათ იხილოთ. მონუმენტი ეძღვნება წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ისტორიულ ფაქტს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ გზით შემოვიდა ის საქართველოში.

4.ჯუთას ჩანჩქერი – მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ ჯუთაში. ჩანჩქერი რამდენიმე საფეხურიან ნაკადად გადმოედინება 10 მეტრის სიმაღლიდან, ჭაუხების მთისა და ტბა თინას სიახლოვეს.

5.ხანის ჩანჩქერი – მდებარეობს სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში. ის ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერი დაახლოებით 25–30 მეტრი სიმაღლისაა. მზის სხივებზე წყლის წვეთები ცისარტყელას ფერებში გადადის და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის.

6.კინჩხის ჩანჩქერი – ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. მდებარეობს ხონის რაიონში, სოფელ კინჩხას მიდამოებში.

თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი და ულამაზესი ტურისტული თავშესაფრები საქართველოში (ფოტოები)

3 შთამბეჭდავი ტურისტული თავშესაფარი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ

7.კახეთში, ლაგოდეხთან ძალიან ახლოს კი ცნობილი გურგენიანის ჩანჩქერი მდებარეობს. ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ ჩანჩქერის თავზეც კი მოექცნენ და იქედან ადევნონ თვალი როგორ მოსჩქეფს მდინარე ნინოსხევი 40 მეტრიანი კლდიდან. თუმცა, ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი არც ისე მარტივია გამოუცდელი მოლაშქრეებისათვის. ამიტომ, სასურველია გამოიყენოთ მოქნილი, სპორტული ფეხსაცმელი.

8.უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) – საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში, ასევე მის თავზე- აქ ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი ხედი სვანეთზე.

9.მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს.

ცნობისთვის, ფოტოების დიდი ნაწილი აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com

 

mazda magti 5g