LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა

205
dani

ისტორიული დღე ვერ შედგა – არც ოპოზიცია და არც მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს არ დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციისთვის ორი მთავარი პუნქტიდან ერთი – ვადამდელი არჩევნები დანიელსონმა შეთანხმებში არ შეიტანა, როგორც ჩანს დოკუმენტი მაინც არ მოეწონა მმართველ გუნდს. რაც შეეხება ოპოზიციას – თავიდანვე ცხადი იყო, რომ ვადამდელის და მელია–რურუას გათავისუფლების გარეშე ისინი დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნენ. როგორც გაირკვა,

მედიატორების დოკუმენტში ახალ არჩევნებზე მკაფიო ჩანაწერი ყოფილა – მასში მითითებული იყო, რომ „პარტიები თანხმდებიან მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც საარჩევნო რეფორმის საფუძველზე ჩატარდება.“

არადა, დილიდან იყო მოლოდინი, რომ დღეს საფუძველი ჩაეყრებოდა პოლიტიკური კრიზისის დასასრულს, ამას წინ უღძოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არაერთი განცხადება, მოწოდება, ძირითადად, მმართველი გუნდის მისამართით, მაგრამ იყო ოპოზიციისთვისაც გზავნილები, რომ მათაც აქვთ პასუხისმგბელობა არსებულ რთულ ვითარებაზე.

 

 

დანიელსონის ბოლო სიტყვა უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი დაბრუნდა. მან 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მის მიერ პოლიტიკური პარტიებისადმი წარდგენილი წინადადებები პარტიებმა არ მიიღეს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი ქვეყის ინტერესებს ყველა საკითხზე წინ აყენებს. მან პირველად თქვა, რომ პასუხისმგებელია მმართველი პარტია.

კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

“არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს,

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეეზე და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას

და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება/ სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.“, – განაცხადა დანიელსონმა.

 

რა ეწერა დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა ხელმოსაწერად მიიტანა 

 

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში იმ დოკუმენტის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც ხელმოსაწერად პარტიებს წარუდგინეს. ვრცლად შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე წაიკითხოთ, მოკლედ კი 5 მთავარი პუნქტი იყო:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

  • მომავალი არჩევნები

 

რა თქვა ოპოზიციამ და რა თქვეს მმართველი გუნდის წევრებმა

 

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ, „ქართული ოცნება” მზად იყო „20 ივნისის საქმეებზე” ამნისტიის კანონის მისაღებად, თუმცა, მისი თქმით, ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა ოპოზიციამ. რაც შეეხება არჩევნებს, მისი თქმით, ხელისუფლება ასევე მზად იყო საარჩევნო რეფორმისთვის და 2024 წლის არჩევნებისთვის ბარიერი 3%–მდე შეემცირებინა. როგორც კობახიზე ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა თვითმიზანი იყო.

პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ 5-დან 3 საკითხზე ჩვენ თანახმა ვართ - „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველ წუთში იცვლება: ბადრი ჯაფარიძე

მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი კი საზოგადოებას მიმართავს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების სიტყვები არ დაიჯერონ, რადგან ის ტყუილია.

მისი თქმით, ოპოზიციას, შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით ორი პრინციპული საკითხი ჰქონდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. “მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომ “ოცნება” იტყოდა, რომ ჩვენ ამას ვაწერთ ხელს.. ცხადია, მთელი პასუხსიმგებლობა ხელისუფლებაზეა”. 

“სანამ პოზიცია იქნება დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, იქამდე “ქართული ოცნება” არაფერს დათმობს. ამაზე ვლაპარაკობდი საჯაროდ და ეს დადასტურდა დღესაც”, – ამბობს ჯაფარიძე. 

“ევროპული საქართველოს” ლიდერის – გიგა ბოკერიას თქმით კი, ოპოზიციისთვის არც ერთი ხედვა არ იქნება მისაღები, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემებს. როგორც ბოკერია აცხადებს, “ოცნება” ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ეს დამღუპველია ქვეყნისთვისაც და მათთვისაც.

 

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია – ჩაერთვება თუ არა პროცესში აშშ

 

ამერიკელი დიპლომატების ნაწილი, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირის კეთილშობილური, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგო ძალისხმევა აშშ-მა უნდა განამტკიცოს.

გამოცემა The Bulwark-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კრამერი და კელი წერენ, რომ საქართველო, რომელიც ავტორიტარიზმის ფონზე, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად, არასტაბილურ, ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის ზღვარზეა.

ისინი აღნიშნავენ, რომ აშშ-მა, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი პოზიტიური გავლენა აქვს, ხელი უნდა შეუწყოს კომპრომისის მიღწევას.

 

 

ამერიკელი დიპლომატები საუბრობენ ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტსა და მის ერთპარტულობაზეც, რომლითაც საქართველო იზიარებს ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, ვიეტნამის და კუბის არასახარბიელო თავისებურებას.

“დემოკრატიის გზაზე საქართველოს დასაბრუნებლად „ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით, უნდა მოძებნონ კომპრომისი, რომელიც შეუძლებელია, როცა ერთ მხარეს დაპატიმრებული ჰყავს მეორე მხარის ლიდერი”, – ამბობენ ამერიკელი დიპლომატები. 

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში კი საკუთარ განცხადებებში ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს კრიზისიდან გამოსვლაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა იქვე ამბობენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია – “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა შევიდეს პარლამენტში და აუხსნას ამომრჩეველს, რომ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. 

მხარეები ამბობენ, რომ მედია გაგრძელდება, თუმცა როდის და რა ფორმით, ჯერ დაზუსტებული არ არის. ჯერ დანიელსონმა შარლ მიშელს ანგარიში უნდა წარუდგინოს. ამასობაში კი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გზად დაგვაწია ანგარიში, სადაც საქართველოზე ვრცლად არის საუბარი.

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა პოლიტიკურ პატიმრებსა და დევნილებს. საუბარია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ავთანდილ წერეთელსა და ნიკა გვარამიაზე. ასევე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილზე, რომლებიც 8 მარტის შეთანხმებით გათავისუფლდნენ. ანგარიშში აღნიშნულია გიორგი რურუას საკითხიც, რომელიც ამ შეთანხმების დარღვევის შედეგად ჯერ კიდევ ციხეშია.

დოკუმენტში წერია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელ საქმეებად რჩება 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და 2017 წელს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება.

სერიოზულ პრობლემადაა დასახელებული, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და რომ არსებობს  პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები. ასევე, ირღვევა შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაც.

 

სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევე როგორც საქართველოში ყოველი მოქალაქე მრავალმხრივი კრიზისიდან დაძლევის გზებს ელოდება, რომელიც ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად შედის დაუსრულებელ ჩიხში, პოლიტიკური ოპონენეტებისგან ისევ მხოლოდ, ერთმანეთისკენ დაუსრულებელი თითის გაშვერის პოლიტიკის მაყურებლებად ვრჩებით.

 

 

magti 5g