ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტა, რატომ ჩაჯდა ავტომობილში დადგენილი წესების დარღვევით.
ტიკარაძის თქმით, ამ საქციელით მან “პირველი დარტყმა” საკუთარ თავზე აიღო. მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს უფლება აქვს საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
“ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება. თავიდან, როდესაც პირველი განცხადება გაკეთდა, ჩავთვალე, რომ ჩვენი ოპონენტები უფრო დეტალურად შეისწავლიდნენ საქართველოს კანონმდებლობას და დადგენილებებს, თუმცა ეს არ მოხდა და მიუხედავად ჩვენი განცხადებისა, რადგან ეს კითხვა კვლავ ღიაა, თქვენი ეთერის საშუალებით განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს აქვს უფლება საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში.
და ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც მნიშვნელოვანი იყო მცირე რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებით მომხდარიყო ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადაყვანა. შესაბამისად, მე ჩავთვალე, რომ პირველი დარტყმა, უმჯობესი იყო, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის მიზეზიც მე გახლავართ, ამეღო საკუთარ თავზე”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე გადაცემაში “ღამის კურიერი”.
შეგახსენებთ, მძღოლის გვერდზე დაჯდომა საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული ერთერთი შეზღუდვაა. ამ შეზღუდვის დამრღვევი ფიზიკური პირი 3 000 ლარით ჯარიმდება.