სიკვდილთან და ფორმალობებთან ბრძოლა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო დასრულებულია.
ალფ ევანსმა აპარატის გამორთვის შემდეგ, მხოლოდ 5 დღე იცოცხლა.
ალფის მამა, 10 წუთის განმავლობაში უტარებდა ბავშვს ხელოვნურ სუნთქვას, თუმცა უშედეგოდ.
“ჩემმა გლადიატორმა ფარხმალი დაყარა და ფრთები გამოისხა. სრულიად გულგატეხილი ვარ, მიყვარხარ ჩემო პატარავ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ალფის მამამ.
23 თვის ბიჭუნა, რომლის მშობლები, მისი მკურნალობის ბრიტანეთის გარეთ გაგრძელებისთვის იბრძოდნენ, დაახლოებით, დილის 3-ის ნახევარზე გარდაიცვალა.
ალფის მშობლებმა, ტომ და ქეით ჯეიმსებმა, ბოლო წუთები მის საწოლში გაატარეს.
როგორც მათი ნათესავი უცხოურ პრესასთან ყვება, გვიან ღამით ალფის მოულოდნელად სუნთქვა გაუჭირდა, “თუმცა შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი კარგად იყო. მოგვიანებით შეტევა განმეორდა”.
ბიჭუნას გარდაცვალება იგლოვა როგორც მისმა მშობლებმა, ასევე საავადმყოფოსთან შეკრებილმა მხარდამჭერებმა და მთელმა ლივერპულმა.
მათ ალფის სულისთვის ილოცეს და სიმბოლურად ცაში ლურჯი ბუშტები გაუშვეს.
ამ მოვლენის სურათებმა, სოციალური ქსელი მოიცვა. საზოგადოების ნაწილი ირწმუნება, რომ ამ სურებთში, ცაზე ბავშვის სახე ჩანს.
ადგილზე მყოფები ყვებიან, რომ როდესაც ბუშტები ცისკენ გაუშვეს, ღრუბლებიდან მზემ გამოანათა და ძალიან ბევრმა დაინახა, რომ ღრუბელს მწოლიარე ბავშვის ფორმა ჰქონდა.
“ეს ძალიან ემოციური იყო. იფრინე მაღლა პატარა კაცო”, – წერს დარენ რიჩმონდი.
ალფის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ ოფიციალური პირები, მათ შორის რომის პაპი.
“შეძრული ვარ პატარა ალფის გარდაცვალებით. დღეს, განსაკუთრებით ვლოცულობ მისი მშობლებისთვის”, – განაცხადა პაპმა.
შეგახსენებთ, ალფ ევანსს, ბრიტანულმა სასამართლომ ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მშობლებს კი მკურნალობის გაგრძელება იტალიაში სურდათ. ბრიტანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ალფის ტვინის ქსოვილები კატასტროფულ დეგრადაციას განიცდიდა და ბიჭისთვის მკურნალობის გაგრძელება უშედეგო და არაჰუმანური იყო.
ალფის დაავადების ნიშნები 7 თვის ასაკში გამოუმჟღავნდა. მან 2016 წლიდან დროის უმეტესი ნაწილი საავადმყოფოში გაატარა, სადაც კრუნჩხვებით იტანჯებოდა. მისი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ნერვული უჯრედების აღდგენა მკურნალობის შედეგად მოხერხდებოდა, თუმცა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ რეგენერაცია არ მოხდა.
ალფის მშობლებმა, ამ პერიოდში რამდენიმე სასამართლო პროცესი წააგეს, თუმცა მათმა კამპანიამ სოციალურ ქსელებში უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ მხარი დაუჭირა და ბრიტანეთის სასამართლო გადაწვეტილება გააკრიტიკა.
ალფი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 23 აპრილს გამორთეს, რის შემდეგაც ბავშვა სუნთქვის დამოუკიდებლად გაგრძელება შეძლო, თუმცა ეს მხოლოდ 5 დღეს გაგრძელდა.
თამთა უთურგაშვილი