23 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მირზა მოდებაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „თეთრი ვერსალი“ პრემიერა შედგა.
მირზა, რა სიახლეებია შენს კარიერაში?
აქტიურად ვარ გადართული ჩემს საყვარელ საქმიანობაზე. აქამდე არ მქონდა ის ფუფუნება, რომ ბოლომდე დავხარჯულიყავი. მოგეხსენებათ, თითო სიმღერის გაკეთებას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. ღმერთს მადლობა, ცხოვრებაში არსებობენ ისეთი კარგი მეგობრები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, ჩვენი საყვარელი საქმე ვაკეთოთ. ეს ადამიანია ჩემი საყვარელი ძმაკაცი, ლაშა ივანიაშვილი.
ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის ცოცხალ შესრულებასაც დღეს შემოგვთავაზებ.
ეს სიმღერა გახლავთ ქალბატონ მზია გოგიშვილის, მას ეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც. ქალბატონმა მზიამ, დაახლოებით, 8 წლის წინ მაჩუქა ეს ნამუშევარი. 8 წელი მხოლოდ სუფრასთან, გიტარით თუ ავაჟღერებდი. ახლა, ვინაიდან და რადგანაც, მადლობა ღმერთს, მაქვს საშუალება, რომ ჩემი ყველა საყვარელი სიმღერა ჩავწერო ჩემს მეგობრებთან, მათი დახმარებით, გადავწყვიტე, რომ სულ მალე ამ სიმღერის სტუდიური ვერსიაც გავაკეთო.
ბევრი ისეთი სიმღერაა დაგროვილი, რომელთა ჩაწერაც იგეგმება?
კი და მათ შორის, უმრავლესობა ჩემი საავტორო ნამუშევარია.
მოგვიყევი სიმღერის „თეთრი ვერსალი“ ისტორია.
ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. 8 წლის წინ, ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როცა სულიერად ძალიან მიჭირდა. ზოგადად, არ მიყვარს სიტყვა დეპრესია, მაგრამ იყო რაღაც ტრავმა და ამის შემდეგ, რთული პერიოდი მქონდა. მადლობა ჩემს საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ვინც დამეხმარა. ამ დროს წავიკითხე ეს ლექსი, ვალერიან გაფრინდაშვილის „თეთრი ვერსალი“ და მე იქ ჩემი თავი დავინახე. რაღაც გამოფხიზლება იყო. ეგრევე ავიღე გიტარა და ჩავუჯექი. მერე, ასე ვთქვათ თაროზე შემოვდე, მაგრამ ახლა, მოვიდა დრო, როცა ჩემი საყვარელი სიმღერები, რაღაც ისტორიის ნაწილები უნდა გავამჟღავნო და მსმენელის ყურამდე მივიტანო. სიმღერის არანჟირების ავტორი ლაშა ივანიაშვილია. ამ სიმღერაში უკრავს ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, გიორგი ოთინაშვილი, საოცარი პიანისტი. დიდი მადლობა გიორგის და ლაშას.
მირზა მოდებაძე – თეთრი ვერსალი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მირზა მოდებაძე – ნიბლია. Live
მირზა მოდებაძე. ვიდეო კოლაჟი