LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს მეუღლეს ჩაცმასთან დაკავშირებით ხშირად ვეკითხები რჩევას, ისეთი გემოვნება და უტყუარი ალღო აქვს, არ მახსოვს, რამე შეშლოდეს“ – ირმა სოხაძე

377
არდაიდარდო

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ირმა სოხაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის როგორც მომღერლის, ისე ტელეწამყვანის კარიერაზე ისაუბრა და რამდენიმე ახალი სიმღერაც დააანონსა.

 ირმა, როგორ ატარებთ დასვენების დღეებს, თქვენს დატვირთულ რეჟიმს როგორ უთავსებთ შვილიშვილებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობას, როგორ ანაწილებთ დროს?

შაბათ-კვირას ძირითადად შვილიშვილები მოდიან ჩემთან, თუ მცალია შუა კვირაშიც მსტუმრობენ, რადგან ძალიან უყვართ აქ მოსვლა. დროსთან ერთად ერთი ფანტასტიკური აღმოჩენა გავაკეთე, რაც მეტი საქმე გაქვს, მეტს ასწრებ, რადგან ყველაფერს წინასწარ ალაგებ. მეც დილიდან ვწერ ხოლმე ჩემს გეგმებს.

რა სიახლეებია შემოქმედებითი კუთხით, უნდა ველოდოთ თქვენს ახალ სიმღერას?

კი, აუცილებლად უნდა ელოდოთ, თუმცა აქვე უნდა გამოვტყდე, რომ ბევრი ახალი სიმღერა ვეღარ იწერება. რომ ვუკვირდები, ვეღარც მე ვწერ და ვეღარც სხვა წერს. საერთოდ მთელ მსოფლიოში ასეა, რაღაცა შეფერხების პერიოდია. მსოფლიო გადასულია რემიქსებზე და ძველი სიმღერების „ქავერებზე“. მგონი, კოსმოსი გაბრაზდა ჩვენზე და დაგვიხურა ის არხი, რასაც მუზას ვეძახით. პირადად მე სიმღერას ისე ვერ ვწერ, რაღაც ბიძგი ან იმპულსი თუ არ მოვიდა. მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, რაღაცების ჩაწერას მაინც ვაპირებ. დუდუკებთან ერთად მინდა რამდენიმე სიმღერის ჩაწერა. ჩემი შვილის დაბადების დღეზე ვიმღერე  დუდუკებთან ერთად და ისეთი კარგი და სასიამოვნოა, თან როგორც მითხრეს, ეს ყველაფერი ჩემს ხმას ძალიან უხდება. სექტემბრის ბოლომდე ძალიან კარგი 3 სიმღერა უნდა ჩავწერო.

თქვენი თავი მომღერლის ამპლუაში უფრო მოგწონთ თუ ტელეწამყვანის, რომელ პროფესიას ანიჭებთ უპირატესობას?

ასე არასდროს განმისაზღვრავს უპირატესობა და ის თუ რომელი მომწონს, მაგრამ თავის ქებაში არ ჩამომართვათ და საჯაროდ არ გავაკეთებ იმას, რაც არ მომწონს და რაც კარგად არ გამომდის. მომღერლის და ტელეწამყვანის გარდა პიანისტი და კომპოზიტორიც ვარ და ეს 2 პროფესია ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, უბრალოდ, ზოგჯერ ადამიანი ვერ იცლი იმისთვის, რომ ყველაფერი თანაბარი ძალით და პროფესიონალიზმით აკეთო. რაც შეეხება ტელეწამყვანობას, ეს ნამდვილად ჩემია, რადგან ბევრი რამ ვიცი, სისულელეს არ ვიტყვი ეთერში, არც წარმოუდგენელ ტერმინს და არც სიტყვას დავამახინჯებ. ეთერში შესვლამდე ყოველთვის ვერკვევი გადაცემის თემაში. მე დღემდე ვმუშაობ ჩემს თავზე.

თქვენს ირგვლივ მრავლად არიან კრიტიკოსი ადამიანები?

კი, დედაჩემი ჩემი მუდმივი კრიტიკოსი იყო, დღემდე სულ მაშაყირებს და მაკრიტიკებს ჩემი მეუღლეც, მაგრამ ეს არის კეთილი კრიტიკა იმისთვის, რომ მე ხანდახან მართლა ზედმეტი არ მომივიდეს და არ მეგონოს, რომ ყველაფერი ყველაზე კარგად შემიძლია, რადგან როგორც კი ეს მეგონება, იქ დამთავრდება აბსოლუტურად ყველაფერი. ჩემს მეუღლეს ჩაცმასთან დაკავშირებითაც ხშირად ვეკითხები რჩევას, ისეთი გემოვნება და უტყუარი ალღო აქვს, არ მახსოვს, რამე შეშლოდეს. კრიტიკას არც ნატა ასათიანი მაკლებს. ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეზე ამიხილა თვალი ჩემმა შვილმა, სულ ვეხუმრები, შენი გაზრდილი ვარ, შენ მეტი ამაგი გაქვს ჩემზე, ვიდრე მე შენზე-მეთქი. ყველას ვუსურვებ ისეთ მეგობრებს და კრიტიკოსებს, როგორიც მე მყავს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები