ყოფილი იუსტიციის მინისტრის ამჟამად, უმრავლესობის დეპუტატის თეა წულუკიანის განცხადებით, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე კარლ ჰარცელის შეფასება ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს.
ამის შესახებ წულუკიანმა კარლ ჰარცელთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“კარლ ჰარცელთან შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს – ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის”. – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროკავშირის ელჩმა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა. ჰარცელის განცხადების შემდეგ წულუკიანმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
