კომპანია Chevrolet ელექტროქარი Bolt-ის წარმოებას 2023 წელს დაასრულებს. ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი პენსიაზე გადის და ამის შესახებ General Motors-მა წლის პირველი ნაწილის შეჯამებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. Chevrolet Bolt, რომელიც 2016 წლიდან გამოდიოდა, ცდილობდა Tesla Model 3-ისთვის კონკურენცია გაეწია და არაფერი გამოუვიდა.
Bolt, ჰეტჩბეკი 200 ძალის ელექტროძრავით და 60 კილოვატ-საათიანი ელემენტით, ამერიკულ ბაზარზე 36,6 ათას დოლარად იყიდებოდა და ცდილობდა მასობრივი გამხდარიყო. Chevrolet-ში სჯეროდათ, რომ ხელმისაწვდომი ელექტროქარი ბრენდისთვის აუცილებელი იყო, მიუხედავად იმისა რომ ყოველი გაყიდული ეგზემპლარიდან ავტომწარმოებელი 8-დან 10 ათას დოლარამდე თანხას კარგავდა. თუმცა, Tesla-ს ელექტროქარები ამერიკელებს უფრო მოსწონდათ და გაყიდვების მაჩვენებლით Bolt Model3-ს ბევრად ჩამორჩებოდა.
2023 წლის დასაწყისში Bolt EV/Bolt EUV მოდელმა ბაზარზე არსებობის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა – რამდენიმე თვეში 19,7 ათასი ერთეულის რეალიზება მოახერხა. წლის ბოლოსთვის კი მისი წარმოება საერთოდ შეწყდება.