საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია China Shopping Holding-სა და მის ქართულ წარმომადგენლობას შორის შეთანხმება გაფორმდა. GNS Georgia ჩინური კომპანიის ოფიციალური აგენტი გახდა და აპირებს, თავისი ბიზნესი ამიერკავკასიაში გააფართოვოს.
“საქართველოს ბაზრის მნიშვნელობა ჩინელებისთვის უფრო ცხადი გახდა. განვიხილავთ იმ პერსპექტივებს, რომელიც ჩვენს ბაზარს გააჩნია ტვირთების გადაზიდვის მხრივ,”- განაცხადა დღეს ხელმოწერის ცერემონიალზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 9-10 დეკემბერსაა დაგეგმილი, განიხილება, აგრეთვე, ჩინური ტვირთების საქართველოზე გატარების გეგმა.
China Shopping Holding-ის დირექტორის ჟონგ ჰინგ ლიუს თქმით, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან მისი ადგილმდებარეობა ხელსაყრელია ტვირთების გადასაზიდად.
“საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, ამიტომ ჩვენს კომპანიას შეუძლია დამატებითი წვლილი შეიტანოს საქართველოს ამ პოტენციალის განვითარებაში,”- განაცხადა ჟონგ ჰინგ ლიუმ.
ჩინური კორპორაცია China Shopping Holding 80 საერთაშორისო და ადგილობრივი მარშრუტის გავლით, მსოფლიოს 180-ზე მეტ პორტშია წარმოდგენილი.