LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, წყობიდან ვერ გამოგვიყვანს განცხადებები, რომლებიც გამიზნულია შეთანხმების ჩასაშლელად: უსუფაშვილი

54
Capture2121

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „პარტიის წევრებს არ უმტყუნებთ ნერვები, ნებისყოფა, ასევე წყობიდან ვერ გამოიყვანს ცალკეული განცხადებები, რომლებიც შეთანხმების ჩასაშლელად არის გამიზნული“.

უსუფაშვილის განმარტებით, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” იქმნება იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ეს ფრაქცია ამის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

“ლელო”, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე ახალ ფრაქციას ქმნიან

„დღეს აქ ვდგავარ საქართველოს პარლამენტის ახლად შექმნილი ფრაქციის ერთ-ერთი წევრი და გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვიტვირთეთ აქ დადგომით. დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, რაც კი ჩვენი თაობის ხალხს გვინახავს და მომხდარა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ქვეყანა არის არათუ უფსკრულის პირას, არამედ უფსკრულში. ეს უნდა გავაცნობიეროთ. მეორე, რაც უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ ამ უფსკრულიდან ამოსვლა ცალკე რომელიმე პარტიას, რომელიმე ჯგუფს – სახელისუფლებოს, ოპოზიციურს, ნიჰილისტურს, ასეთს, ისეთს არ შეგვიძლია. ჩვენ ეს კრიზისი ერთად უნდა დავძლიოთ. ამიტომ, ეს ფრაქცია იქმნება იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან და ამ ქვეყანაში იგულისხმება მმართველი პარტიაც, ოპოზიციაც, აპოლიტიკური ხალხიც, ბიზნესიც, უმუშევარიც და ყველა. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მომთმენები და ნებისყოფიანები. შეთანხმება, რომელიც დაიდო, როგორც ხიდი, ბაგირი, რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ და ამოვიდეთ ამ უფსკრულიდან, საჭიროებს ძალიან დიდ შრომას და ძალიან ცოტა უაზრო კამათს, პერსონალურ თავდასხმებს, გუშინწინდელი ამბების არმოხმობას, ამის გამო ხვალ ნაბიჯის ვერგადადგმას და ა.შ.

ამ პარლამენტის შენობაში ჩვენ გვინდა ვიხილოთ ყველა, ვინც ჯერ კიდევ შემოსასვლელია. ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. თითოეული ჩვენგანი და ამ შემთხვევაში როგორც „ლელოს“ წარმომადგენელი ვამბობ, ძალიან დიდ შრომას ვდებდით და ასევე გავაგრძელებთ იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ. ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, ნებისყოფა, ჩვენ წყობიდან ვერ გამოგვიყვანს ცალკეული განცხადებები, რომლებიც იმისათვისაა გამიზნული, რომ ჩაიშალოს და ვერ შედგეს ეს შეთანხმება – რაღაც სხვა გზებით მოხერხდეს გარდა სამართლებრივი, საარჩევნო კონსტიტუციური გზებისა, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ. ასე, რომ წინ არის ძალიან დიდი შრომა. აქ ვხედავ იმ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისთან ერთადაც 4-5 წლის წინ სხვა როლში და სხვა თემებზე ვსაუბრობდი ხოლმე, ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას და ტვირთს, რომლისთვისაც შესაძლოა, მე ბოლომდე მთელი ცხოვრება ვერ გავიმართლო, რომ აქ 4 წელი ვიდექი და იმ 4 წლის შრომის შედეგზე ახლა შეიძლება მკითხოს მოქალაქემ – სად არის, რა გააკეთეთ. ეს მაწუხებს და ამ წუხილით ათმაგი ენერგიით დავეხმარები ჩემს კოლეგებს და ყველას იმისათვის, რომ ახლა მაინც დავაყენოთ ქვეყანა სწორ გზაზე და ისეთ გზაზე, რომლიდანაც გადახვევა შეუძლებელია. ამისათვის, ჩვენ ევროპამ ხელი გამოგვიწოდა და ამ ხელს ხელი მჭიდროდ უნდა ჩავჭიდოთ. თავი დავანებოთ წარსულის თემებზე იწილო-ბიწილოს და გავიაროთ ამ ხიდზე და ამ გზაზე. წინ საინტერესო შრომითა და ბრძოლით სავსე დღეები გველის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

ფოტო მთვარ სლაიდზე: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g