გადაცემის „მე-17 სართული“ წამყვანი, სოფიო ხუნწარია აღნიშნული გადაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გადაცემა ეთერში მალე დაბრუნდეს.
სოფიო ხუნწარია გადაცემის მაყურებელს ერთგულებისთვის მადლობას უხდის და ამასთან აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ რჩება და მუშაობას აგრძელებს:
„ნუ კარგი, რადგან მატირეთ დილიდან ისეთი პოსტები და მესიჯები დამხვდა, დავწერ ცოტა ცრემლიან პოსტს მეც.
მაინც ვიწყებ იმით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებ, რომ ეს გადაცემა, რომელიც მხოლოდ გადაცემა არ არის, დაბრუნდეს ძალიან მალე ეთერში!
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც პლატფორმა გაძლიერდეს და მეტი როლი და ფუნქცია შეიძინოს ვიდრე ჰქონდა!
თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად ამ გადაცემამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ყველა იმ პროცესში, რომელსაც დღეს ვხედავთ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი, სწორედ ჩვენგან აღმოაჩინეთ, ბევრ ამბავს იგებდით მხოლოდ ჩვენგან, ისეთს, რასაც სხვაგან ვერ მოისმენდით! ბევრი კარგიც გავაკეთეთ, რადგან იყო თემები, რაც ჩვენთან გასული ამბის შემდეგ პოზიტიურად წყდებოდა ან ჩერდებოდა. მოკლედ რამდენი ჩამოვთვალო და თქვენ ჩემზე კარგად იცით, რა და როგორ!
ახლა სიყვარულის ახსნის დროა.
ჯერ მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ უზომოდ მიყვარს და მადლობა იმისთვის, რომ მართლაც ვგრძნობდით თქვენთან ერთობას და ჩვენ მართლაც ერთად ვმსჯელობდით ყველაფერზე, რაც თქვენთვის და ჩვენთვის სულერთი არ არის!
ახლა სიყვარულს ავუხსნი ჩემს გუნდს! მე მყავს გუნდი, რომელსაც შევადარებ ჯარს.
ჩვენ ფრონტის მეგობრები ვართ და ამიტომ ვერასდროს ვერაფერი ვერ დაგვშლის. მე მყავს გუნდი, ვინც ერთმანეთს განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და თუ გახდი მე 17-ტელი, ნიშნავს, რომ მოხვდი დიდ სამყაროში საიდანაც ვეღარ გამოხვალ. მოკლედ ჩვენ შევძელით და შევქმენით ამბავი, რომელიც დარჩება მედია ისტორიასაც და ხალხსაც, რადგან ყველაზე სახალხო გადაცემის შექმნა შევძელით. მოკლედ, დავბრუნდებით მალე და სხვანაირად არ განიხილება.
ბევრი ვჩანდით ეთერში და ბევრიც არა, ამიტომ ყველა დროს ყველა მოქმედი პირი მინდა დავთაგო და ავუხსნა დიდი სიყვარული. იმედია, არავინ არ გამომრჩა, ყველა სტუდიის ოპერატორს, გამნათებელს, დეკორატორს და საეთეროს, ვიზაჟისტებს – ყველა მიყვარხართ!
ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვრჩები არხზე და ვაგრძელებ მუშაობას, რომ მე-17 დაბრუნდეს და დილიდან გითხრათ – „გაიღვიძე საქართველო“, – წერს სოფიო ხუნწარია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სოფიო ხუნწარიამ 29 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „კიდევ ერთხელ ვიტყვი, დროებით შევაჩერეთ „მე-17 სართული“ ძალიან დიდი იმედით, რომ მალე დავბრუნდებით!“.
ნუ კარგი, რადგან მატირეთ დილიდან ისეთი პოსტები და მესიჯები დამხვდა, დავწერ ცოტა ცრემლიან პოსტს მეც😃 მაინც ვიწყებ იმით,…
Posted by Sophio Khuntsaria on კვირა, 29 დეკემბერი, 2024