საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა ციხიდან ღია წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. მის წერილს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
“პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და გვამხნევებს, უამრავი წერილი მივიღე, სადაც მხარდაჭერას გვიცხადებენ, ეს ჩემთვის ძალიან ფასეულია. ამ მძიმე დღეებში სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფეხზე წამოვდექი, ძალა მოვიკრიფე და მზად ვარ ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძოლო. არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როდესაც ჩემს უკან რკინის კარი დაიხურა, და მივხვდი, რომ მძიმე წუთები იწყებოდა.
ამას შემდეგ ყოველ დღე ველოდებოდი, რომ კარები ისევ გაიღებოდა და მეტყოდნენ, რომ თავისუფალი ვიყავი, ბოდიშს მომიხდიდნენ იმ მძიმე ბრალდების გამო, რითაც ერთ წამში წაშალეს მთელი ჩემი ცხოვრების ის დიდი ნაწილი, რაც ჩემს პროფესიას და სამსახურს შევალიე. ცხოვრების შეგნებულ ნაწილს როდესაც სამსახურში ატარებ, მთელ შენს ცოდნას და გამოცდილებას დებ, იმაზე მეტი ხდება ვიდრე უბრალოდ სამსახურია. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ამ ქვეყნის და პროფესიის ღალატი დამწამეს. ჩვენ უდანაშაულო ვართ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ”, – წერს ნატალია ილიჩოვა.
„ეს ყველაფერი არ კეთდება იმიტომ, რომ ნატალია ილიჩოვა იყოს დაპატიმრებული“ – ნუგზარ წიკლაური
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.