LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვარსებობთ, იმედია, მოვა დრო, როცა ჩვენს ხმას გაიგებენ“ – ნარკომომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა და „უხილავი“ პოპულაცია ხილული პრობლემის წინაშე

288
მარინა და ნარკოდამოკიდებული ქალები

„ჩვენ ვარსებობთ“ – ამ ლოზუნგით „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ გახლდათ და როგორც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა, დღეს, საქართველოში, ნარკომომხმარებელი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული, სტიგმატიზებული და „უხილავი“ პოპულაციაა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ნარკომომხმარებელ ქალთა საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები: ფსიქოლოგები, ნარკოლოგები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები.

დამსწრე აუდიტორიამ ერთხმად აღნიშნა, მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოება გაერთიანდეს იმისთვის, რომ ამ უაღრესად მტკივნეული პრობლემის მოგვარების გზები ერთობლივად გამოინახოს.

  • „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, სავარაუდოდ, არსებული 52 000 ნარკომომხმარებლიდან დაახლოებით 10%-ს ქალები შეადგენდნენ.
  • სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 4 000-იდან 10 000-მდე მერყეობს. მიუხედავად ამისა,
    ნარკოდამოკიდებული ქალების სამკურნალო პროგრამებში ჩართულობა ძალიან დაბალია [წინა
    წლის მონაცემებით, სამკურნალო პროგრამებში ჩართულთა მხოლოდ 2%-ია.]

როგორც „ფორტუნას“ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მედიაკოორდინატორმა, მარინა ასათიანმა უთხრა, მკაცრი ნარკოპოლიტიკა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ მათ სტიგმატიზებას და ჩაკეტილობას განაპირობებს.

მისი თქმით, ისინი პრაქტიკულად არ მონაწილეობენ პროფილაქტიკურ პროგრამებში, არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. არსებული ნარკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებები კი ძირითადად მამაკაცებზეა მორგებული, გენდერულად მგრძნობიარე არ არის, არ ითვალისწინებს ნარკოდამოკიდებული ქალების განსაკუთრებულ საჭიროებებს და ქმნის დამატებით ბარიერს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალი ნარკომომხმარებლები სრულიად დაუცველნი არიან ისეთი რისკების წინაშე, როგორიცაა ინფიცირება აივ-ით, ვირუსული ჰეპატიტებით და სხვა სგგ ინფექციებით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებით – სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

ქვეყანაში არსებული თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები კი მათთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია და ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებული პირების საჭიროებებს. ამასთან, საკანონმდებლო რეგულაციები არ ითვალისწინებს ამ ჯგუფების სპეციფიკურობას.

აღნიშნული ფაქტორები გადაულახავ ბარიერებს უქმნით მათ, მიმართონ სხვადასხვა სერვისებს მაშინაც კი, როცა ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მარინა ასათიანი:

„გამოფენის მთავარი გზავნილია – „ჩვენ ვარსებობთ“. საგანგებოდ მოვაწყვეთ მარტის თვეში, რადგან მარტი – ეს არის იმედის, ქალების, სიყვარულის და გაზაფხულის თვე და ვიმედოვნებთ, რომ მოვა დრო, როცა ნარკოპოლიტიკა შეიცვლება, ხოლო ნარკომომხმარებელ ქალებს რეალიზაციისა და სოციალიზაციის საშუალება მიეცემათ.

აქ წარმოდგენილია უამრავი, ძალიან საინტერესო ნამუშევრები და გვინდა საზოგადოებას ხმა მივაწვდინოთ, რომ არსებობენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის ქალები, რომლებიც სტიგმატიზებულნი არიან, ვერ მონაწილეობენ პროფილაქტიკურ პროგრამებში, პროგრამები არ არის მათზე ორიენტირებული და საჭიროებებზე მორგებული.

 

 

არც ერთი კრიზისული ცენტრი ამ ადამიანებს არ იღებს, ასე ცხოვრება კი ძალიან რთულია. გვსურს საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან დიალოგი იმისთვის, რომ რაიმე შეიცვალოს, რადგან ეს ქალები ჩვენი საზოგადოების ნაწილი, დედები, შვილები და უახლოესი ადამიანები არიან.

ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. ნარკომოხმარების გამო არ უნდა არსებობდეს სტიგმა, დისკრიმინაცია და მით უმეტეს, სასჯელი.

ვერ ვხედავთ, ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემების გადაჭრის მზაობას და ამიტომ ამ გამოფენით ვაწყობთ დიალოგს საზოგადოებასთან. იმედია, მოვა დრო, როცა ჩვენს ხმას გაიგებენ“, – უთხრა „ფორტუნას“ მარინა ასათიანმა.

გარდა ღონისძიების ავტორებისა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, გამოფენას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები, ასევე თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი თინათინ ნიბლოშვილი, რომელმაც საკითხზე საუბრისას მზაობა გამოთქვა, საუბარი უფრო ფართო და საქმიან ფორმატში გაგრძელდეს.

რაც შეეხება კანონმდებლობის ხარვეზებს, ამ საკითხზე „ფორტუნამ“ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ იურისტსა და ორგანიზაციის დირექტორს, კახა კვაშილავას მოუსმინა.

მისი თქმით, პრობლემა გახლავთ ის, რომ კანონმდებლობა ზოგადია, როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთან მიმართებით. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პრობლემა ერთია –  ნარკოტიკის მოხმარება ისევ კრიმინალიზებულია.

„სამართლებრივად რომ შევხედოთ, მოხმარებისთვის ადამიანები ისევ ისჯებიან, თუ გამონაკლისის სახით არ დავუშვებთ მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.

სხვა ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, ისევ და ისევ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება და გამონაკლის შემთხვევებში, ეს მარიხუანას მოხმარებასაც ეხება.

ეს რეგულაციები ვრცელდება როგორც ქალბატონებზე, ასევე მამაკაცებზე, შესაბამისად, ძალიან ბევრი ქალი ამ მანკიერი კანონმდებლობის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში დღესაც სასჯელს იხდის.

რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რომელიც კანონმდებლობაშია და რომელსაც წლების განმავლობაში ვაყენებდით, მაგალითად ის, რომ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები არ არის განსაზღვრული კვლავ პრობლემას ქმნის.

ამიტომ, მომხმარებლები ისევ რჩებიან იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც მანამდე იდგნენ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არაა ასახული, რაც სამართლებრივ გარემოს ხელს უშლის.

რაც შეეხება პროგრამებს, ქვეყანაში არსებობს მეთადონის თერაპიის ჩანაცვლებითი პროგრამა, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროგრამაც ძირითად შემთხვევაში, მამაკაცებზეა მორგებული და არა ქალებზე. გენდერული ნიშნით შესაბამისი სერვისების მიწოდება არ ხდება, რაც პრობლემას წარმოადგენს.

ამას ემატება ის, რომ ეს ჯგუფი, მომხმარებელი ქალბატონები ორჯერ მეტად არიან მარგინალიზებული და სტიგმატიზებულნი, ვიდრე მამაკაცები. საზოგადოების მხრიდანაც უარყოფითი დამოკიდებულება ქალების მიმართ ორჯერ უფრო მეტია.“ – გვითხრა კახა კვაშილავამ.

დასმულ კითხვაზე კი, რა არის ამ ეტაპზე, კანონმდებლობის უმთავრესი პრობლემა და როგორ უნდა გადაიჭრას საკითხი, კვაშილავამ ასე გვიპასუხა:

„მომხმარებლისთვის შეთავაზებული უნდა იყოს სამედიცინო სერვისები – სამკურნალო და სარეაბილიტაციო კუთხით და არა ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახითაა, ეს კანონმდებლობის ყველაზე დიდი პრობლემაა.

როდესაც მოხმარება კრიმინალიზებული არ იქნება, ეს ადამიანები დახურული სივრციდან გამოვლენ და საზოგადოებას მათი მიმღებლობა ექნება, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია პრობლემაც და შედარებით მარტივია არსებული პრობლემის გადაჭრის გზების გამონახვა.

ეს ადამიანები, ჩვენთან ერთად, გარეთ უნდა გამოვიდნენ იმისთვის, რომ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი საპარლამენტო დონეზე გვქონია და მათ შორის, ჩვენი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იციან, რეალური გადაწყვეტილებები, რომელიც რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ქვეყანაში არ ხორციელდება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ კახა კვაშილავამ.

ქალი ნარკომომხმარებლების გამოფენა-გაყიდვის საღამო ემოციურად დასრულდა. ღონისძიების  მიწურულს, „წიგნის სახლში“ შეკრებილ საზოგადოებას მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა მიმართა და ერთ-ერთი ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალი პოეტის, ირმა მარგველაშვილის ლექსები წაიკითხა, რითაც მან ქალების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

„ფორტუნასთან“ საუბრისას კი მაკა შალიკაშვილმა, საკუთარ განცდებზე, ემოციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქალების მხარდაჭერა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია:

„ლექსი ჩემთვის ერთგვარად გადარჩენაა. როცა ადამიანი წერს, ეს ჩემთვის უკვე გადარჩენას ნიშნავს. შემდეგ იქ უკვე ყველა და ყველაფერი ერთიანდება, რადგან ჩვენ ხომ ადამიანებს ერთი ტკივილი, ერთი სევდა გვაქვს.. ჩვენ ხომ ერთნაირები ვართ და ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩემთვის ზღვარი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტე, მე ასე დავარქმევდი, სისუსტე, რომელზედაც უნდა გაიმარჯვო.

 

ზუსტად ესაა წერა, როცა იმარჯვებ და ამ გზას მიუყვები. ხოლო, როცა ადამიანი წერს, ე.ი ამ გზაზეა და უკვე კათარსისი, გადარჩენა და პრობლემის დაძლევა იწყება. წერაში ადამიანი გზებს ეძებს და ეს ერთგვარი შვებაა. სულ მინდა მჯეროდეს და მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ლექსებს წერს, ის კარგი ადამიანია. ის ძალიან კეთილია, საუბრობს ღმერთთან და მისი გზა ყოველთვის ნათელია.

ამ თვალსაზრისით, ჩემთვის, მსგავს პროექტებში მონაწილეობა და ასეთი ადამიანების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში კი, არავინ იცის, ვინ ვის ეხმარება, რადგან იმ წუთში, როცა ლექსს ვკითხულობ, შესაძლოა მე მჭირდეს ისეთი რამ, რაც ლექსში შვებას მაპოვნინებს.

ლექსი ხომ ენერგიების გაცვლაა, მე კიდევ ძალიან მიყვარს, როცა ადამიანებს წამოდგომაში ვეხმარები. შესაძლოა, მე თავად ვიცი ამის ფასი, რადგან თავადაც ხშირად მქონია შემთხვევა, როცა წამოდგომაში დამხმარებიან.

გვერდის გამაგრება მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ და დავეხმაროთ. არავინ არაფრისგანაა დაზღვეული და არც არავინ იცის, ხვალ ვინ რას გააკეთებს, მოიმოქმედებს.

ეს პრობლემა ყველა ადამიანის ცხოვრების ეტაპზე არსებობს, ამისი ფიქრი ყოფილა – გავაკეთო თუ არა. ჩემთვის ეს ძალიან გასაგები თემაა და არასდროს ადამიანი ამის გამო არ გამიკიცხავს, თუ რატომ დადგა ამ გზაზე.

 

 

მაკა შალიკაშვილი ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალი პოეტის, ირმა მარგველაშვილის ლექსს კითხულობს

⭕️⤵️ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით, „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა გაიმართა.

?? ღონისძიებაზე მსახიობმა, მაკა შალიკაშვილმა, ერთ-ერთი ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალი პოეტის, ირმა მარგველაშვილის ლექსები წაიკითხა და ამგვარად ქალების მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. #fortunage

? ვიდეო: სალომე სარიშვილი

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 16 მარტი, 2023

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დავდგეთ და მაშინ ყველაფერი გამოგვივა. ასეთი ტიპის საღამო კი, როგორიც დღეს იყო და ის, რომ ირმამ მისი ნაფიქრი, ნააზრევი დაწერა, უმნიშვნელოვანესია.“ – გვითხრა მაკა შალიკაშვილმა.

magti 5g