ეს ერთ რამეს ადასტურებს მხოლოდ, ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ, – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს.
მისივე თქმით, ფარული ჩანაწერები შესაძლოა, იმისთვის გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ისაუბრა.
„ძალიან მძიმე, სამწუხარო და თავზარდამცემი ამბავია. ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ. როგორც ჩანს, ეს უკვე ქცევაში გვაქვს გადასული. გვაქვს ვერსია, რომ ეს შიგნიდან არის წამოსული და ერთმანეთსაც უწერენ და ერთმანეთს უქვეყნებენ. ის მანკიერი მოვლენა, რაც დამკვიდრდა საქართველოში, ერთმანეთის მოსმენასთან და ჩაწერასთან დაკავშირებით, უკუპროცესი დაიწყო.
ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს სხვების ჩაწერა და კომპრომატების მოგროვება. როგორც ჩანს, აქამდე „ქართული ოცნების“ მონოლითი სწორედ შანტაჟზე და არა იდეის ერთგულებაზე, ან საერთო საქმეზე იდგა. ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების ურთიერთობები ძალიან გაღრმავებულია. როდის „გასკდება“ „ოცნება“, საკითხი უკვე ასე დგას.
ჩვენ ვხედავთ, მათი გენერალიტეტის საკმაოდ თავშეკავებულ კომენტარებს, რამდენიმე კაცია, ვინც აბსურდულ თეორიებს ავითარებს, ხოლო დანარჩენები თავს არ იდებენ. გამიჯვნა წავიდა, ბიძინა ივანიშვილს როგორც ნერონს ემიჯნებიან. ასეთი ფსიქოპათიური ხელისუფალი ყოველთვის ცუდად ამთავრებს, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მშვიდობიანი მომავლისთვის მიეღწიოთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ეს და ვისზე იძიებენ შურს. ჩემი ინფორმაციით, გამალებით ეძებენ „ვირთხას“, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოიტანა გარეთ. როგორც ჩანს, დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოჯახსაც იწერენ, ყოველთვის ასეა, როდესაც შენ მიწერ, ამ დროს მეც გწერ“. – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსნებთ, ჩანაწერები 6 მარტს გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. დღეს, 10 მარტს, პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო.
მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი