შინდისის ბრძოლის 13 წლისთავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ 17 ქართველი გმირის თავდადება ისტორიას დარჩება.
მისივე განცხადებით, დღეს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა.
„დღევანდელი დღე არის ისტორიული დღე. ჩვენი 17 გმირი 13 წლის წინ შეეწირა სამშობლოს დაცვას, ეს ისტორიას დარჩება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირები გვყავს. ასეთია სერჟანტი ალექსანდრე ონიანი. გუშინ მიმართა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადებით პრეზიდენტს. პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება, რითიც ჩვენს გმირს, ალექსანდრე ონიანს მიენიჭა ეროვნული გმირის სტატუსი. ჩვენ გვყავს დაახლოებით 20 გმირი, დღეიდან 21-ე გმირი გვეყოლება – ალექსანდრე ონიანი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.