„ჩვენი დასკვნებისა და მსჯელობის გარეშე ასეთ სივრცეში ჩინოვნიკებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება..“ – ასე ეხმაურება თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს.
ქეთი დოლიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სფეროში ჩახედული ადამიანები შეიკრიბონ და საკითხის გარშემო წარიმართოს სერიოზული მსჯელობა.
„ნებისმიერ უწყებაში, როდესაც ეს უწყება განსაკუთრებით ხელმძღვანელობს ისეთ სფეროს როგორიც არის კინო, თეატრი და ზოგადად, კულტურა, ჩინოვნიკებმა უნდა იცოდნენ რომ ფრთხილად უნდა იფიქრონ იმაზე, რის გაკეთებასაც აპირებენ, რადგან ეს სფერო ძალიან მგრძნობიარეა და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც რაღაცა გაგვეგება ამ სფეროში, ამიტომ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული დიდი შეკრება, რომელშიც ჩვენ, ყველა მივიღებთ მონაწილეობას..
ჩვენი დასკვნებისა და მსჯელობის გარეშე ასეთ სივრცეში ჩინოვნიკებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.. უნდა შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ფართო სპექტრი“, – ამბობს ქეთი დოლიძე.
ქეთი დოლიძე კინოცენტრზე: დაუშვებელია, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს – არ არის კარგი მთავრობისთვის
თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება.
ცნობისთვის, კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გუშინ, კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კინოცენტრის გარშემო ატეხილმა „უსაფუძვლო აჟიოტაჟმა“ კამპანიური ხასიათი მიიღო და საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას ემსახურება.
„არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება, თითქოს კინოცენტრის რეფორმა ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც — მომავალში“, — ნათქვამია განცხადებაში.