LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „კინოცენტრმა აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს? უნიკალურია დენდროლოგიური პარკი, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო“

168
Untitled design (1)

„ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი“.

„რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები“ – ბაჩო ოდიშარია აცხადებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა 

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ:

„კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე, იქ რამე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. ზოგადად, ქართულ კინოს გაჯანსაღება და მეტი რესურსის ჩადება სჭირდება. მინისტრის ქმედებები, ბუნებრივია, აქეთ არის მიმართული. ყველა საკითხი უნდა გაირკვეს დისკუსიის და არა პროტესტის ფორმატში.

კინოს კონტროლი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე – კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ.

დღეს ეს აღარ ხდება, ამიტომ აღარ ვიცი, ამ პროტესტის მიზეზი რა არის. შეიძლება სუბიექტური მიზეზები იყოს. როდესაც ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადადგმულა და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგ არის, ეს, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესები არსებობს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერებასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და თქვა, რომ ფილმი „სამარცხვინოა“.

„სალომე ჯაშის ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ის სამარცხვინოა. საკადრო ცვლილებებთან ამ ფილმის გადაღება არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს არის სამარცხვინო ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით რეჟისორმა გადაიღო.

დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო. ეს პარკი ყველასთვის ხელმისაწვდომია და როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, ეს სამარცხვინოა, თუმცა საკადრო ცვლილებებთან ამას რა კავშირი აქვს. ეს რეჟისორის პასუხისმგებლობაა.

კინოცენტრის დაფინანსებული ფილმი შეიძლება იყოს პოლიტიკურად სენსიტიური და კრიტიკული, მაგრამ კინოცენტრმა აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს? როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისათვის, რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „სანდენსის“ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღს, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს.

სალომე ჯაშის ფილმი ბიძინა ივანიშვილის შესახებ „გარდიანმა“ 2022 წლის საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში დაასახელა

საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის აპრილში, თბილისში ფილმის ჩვენებები, რომლებიც კინოს სახლში იყო დაგეგმილი, გაუქმდა. რეჟისორის მოსაზრებით, მიზეზი ფილმის შინაარსი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები