LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება” – ეკატერინე ტიკარაძე

212
pirbadit-eka-1

„შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას”,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საწოლფონდის სწორად მართვა.

“მნისვნელოვანია საწოლფონსის სწორად მართვა ასაკობრივ ჭრილში და ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს. მნიშვნელოვანია ექიმების დროული ჩართულობა, დროული იდენტიფიცირება საჭიროების, ყველა კვლევის ჩატარების. მნიშვნელოვანია ბმების, კავშირების, მენეჯმენტის, ეფექტურობის და ხარისხის გაუმჯობესება. ამაზე სამინისტროს ყველა რგოლი ინტენსიურად მუშაობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ საველე ჰოსპიტლების საკითხი საქართველოში არ განიხილება.

„ე.წ. საველე ჰოსპიტლების საკითხი საქართველოში არ განიხილება, რადგან გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია ასეთი ჰოსპიტლები/კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მეორე ტალღის პიკი, ითვლება, რომ გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის არ გაუწევიათ მომსახურება.

კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება და ეს ძირითადად არის საავადმყოფოების ბაზაზე, ასევე, სასტუმროებში, სადაც ჩვენ გვაქვს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება, როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცეტრატორების კუთხით.

თუ ჩვენ, ყველა კომპონენტის დაცვით, სწორად, დროულად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ ჩვენმა პაციენტებმა უფრო მეტად კომფორტულ პირობებში გაიარონ მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 3 958 ადამიანს დაუდასტურდა, 3 531 კი გამოჯანმრთელდა.