LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი აკადემიური გარემოს შესაქმნელად – ეროვნული გამოცდების პირველი დღე და პრემიერის მიმართვა აბიტურიენტებს

114
ing (1)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმიანება და აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – რამდენი აბიტურიენტი გამოცხადდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ბოლო ცნობები

ღარიბაშვილის მიმართვა საქართველოს მთავრობის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება:

“ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო. მე ღრმად მწამს, რომ ცოდნა და განათლება, მეცნიერება და შემოქმედება არის ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოვლენისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ წარმატებით გაართვათ თავი გამოცდებს და ღირსეულად შეუდგეთ ცხოვრების ახალ ეტაპს”, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

 

 

სოციალურ ქსელში ეხმიანება გამოცდების დაწყებას პარლამენტის თავმჯდომარეც:

“დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.

ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი.

ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გგულშემატკივრობენ. წარმატებები! წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრება იწყება!”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს თბილისის მერი კახა კალაძეც და აღნიშნავს, რომ მთავარი საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა:

“მინდა აბიტურიენტებს წარმატება გისურვოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გითხრათ, რომ მთავარი საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა.

ბევრი აბიტურიენტისთვის ეს გამოცდები ახალი ცხოვრების, ახალი გამოცდილებების, მეგობრებისა და პროფესიის შეძენის შესაძლებლობაა.

იმედი მაქვს, თითოეულ თქვენგანს დაგიფასდებათ გაწეული შრომა და წარმატებებს მიაღწევთ. თქვენ, განათლებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალი ხართ!”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, 2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს:

“პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს”, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომელიც წელს დარეგისტრირებულ 90 000 ათასამდე გამოსაცდელს მოემსახურება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი.