დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში,- ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და „რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა და არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში.
„2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება.
დღეს “რუსთავი 2”-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სიტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ “რუსთავი 2”-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.
როგორც არ უნდა დამთავრდეს “რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის – სახელწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები”, – აღნიშნულია მათ ერთობლივ განცხადებაში.