კომპანია „ალმა“ სიძულვილის შემცველ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, „ალმას“ სარეკლამო ბანერის შინაარსთან არანაირი შეხება არ აქვს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანერის დიზაინთან კომპანიის როლი, მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან მიღებული სარეკლამო ბანერის განთავსებით შემოიფარგლება.
„ბოლო ორი დღის მანძილზე ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ შემდეგს:
კომპანია „ალმა“ ორ ათეულ წელზე მეტია დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე.
ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ „ალმას“ არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა.
„ალმა“ ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „ალმამ“ დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.
ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.