ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობის მხრივ კლების ტენდენცია არ აქვთ.
როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კლინიკაში ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 116 ბავშვი მკურნალობს და მათგან ორი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„კლების ტენდენცია არ გვაქვს. სტაბილურად ერთნაირი რაოდენობაა პაციენტების. ახლა 116 ბავშვია. 15 ბავშვი წევს რეანიმაციაში. ორი პაციენტია უკიდურესად მძიმე, მართვით სუნთქვაზე არიან. ერთი არის ახალშობილი და მეორე არის ჩვილი. რეანიმაციაში კიდევ არიან მძიმე პაციენტები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის უკმარისობა და ჟანგბად დამოკიდებულები არიან. ცხრა მშობელია ორჯერადად ვაქცინირებული, აქედან ექვსს აქვს დადასტურებული კორონავირუსი“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, „ომიკრონი“ ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს.
„რაც შეეხება „ომიკრონის“ მიმდინარეობას ბავშვებში – ჯერ რაც ვიცით, მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებსა და 40 წლამდე ასაკის პაციენტებში შემთხვევების რაოდენობა უფრო მომატებულია. „ომიკრონს“ ძალიან მაღალი გადამდებლობა აქვს, ვიდრე „დელტა“ შტამს“,- განაცხადა ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.