ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, როგორ ახერხებს მუდმივად ფორმაში ყოფნას.
– ყოველთვის ფორმაში ხარ და მოწესრიგებული. როდიდან დაიწყე თავის სერიოზული მოვლა?
– ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ ჩემი თავისთვის-მეთქი, არა. არ ვარ ის კატეგორია და არც დრო მაქვს, რომ დილიდან საღამომდე ფიტნესდარბაზში, კოსმეტოლოგთან ან სალონში ვიჯდე, თორემ დიდი სიამოვნებით ვიჯდებოდი (იცინის). ბებია, ვისი სახელიც მქვია, სულ გაპრანჭული იყო, დედაც სულ ფორმაშია და ალბათ, ეს ჩემზეც გადმოვიდა (იცინის).
არაერთხელ ამის გამოც ვიყავი განკითხვის საგანი, ამბობდნენ: ალბათ, ქუსლიანი ფეხსაცმლით სძინავს ღამეო… არა, ძვირფასებო, არც ქუსლიანი ფეხსაცმლით და არც წითელი ტუჩსაცხით არ მძინავს ღამე. მე იმას ვამბობ, რომ ქალი დღეც, ღამეც, სახლშიც და გარეთაც მუდმივად ფორმაში უნდა იყოს. ჩემი დილა იწყება თავის მოწესრიგებით, უნდა მეცვას სახლის ლამაზი სამოსი და უნდა მეკეთოს მსუბუქი მაკიაჟი. ეს ჩემი ყოველდღიურობაა. ცუდად გავხდები, მოწესრიგებული რომ არ ვიყო, თუნდაც, სახლში. სამშობიაროშიც კი, როცა მეოთხე შვილს ვაჩენდი და მძიმე, საკეისრო კვეთა ჩამიტარდა, რეალურად ჩემს გადარჩენაზე იყო საუბარი და ზაზა სინაურიძემ მეც და ბავშვიც გადაგვარჩინა. ინტენსიურში ვიწექი და მეორე დღეს წამოსაყენებლად რომ შემოვიდნენ, დედაჩემს ვუთხარი: დედა, ჩქარა სპორტულები, ბოტასები, თმის საშრობი და მაკიაჟის ჩანთა მომაწოდე-მეთქი, ექთნები გადაირივნენ: არ შეიძლება, თქვენთვის მკვეთრი დატვირთვაო. დედამ კი უპასუხა: მოკვდება, ეს რომ აქ გააკეთოსო (იცინის). არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, მაქვს სახის, თვალის ირგვლივ კანისა და ტანის დამატენიანებელი საცხები და გელები. მიყვარს მსუბუქი მაკიაჟი, რასაც ყოველდღიურად ვიკეთებ. მიყვარს ბუნებრივობასთან მიახლოებული მაკიაჟი და არც ფილტრს ვხმარობ ფოტოსურათებზე. არც წლოვანებას ვმალავ, ნოემბერში 52 წლის ვხდები.