LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისანა სეფიაშვილის ბედნიერი პერიოდი: „ნოემბერში 50 წლის ვხდები და ჩემს თვალებს არასდროს ისე არ უციმციმია, როგორც ახლა…“

1972
ცისანა-სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი ყველა ასაკში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ეს პერიოდი მისთვის განსაკუთრებულია…

ცისანა, თანამედროვე სამყაროში ქალისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

თანამედროვე სამყაროში არა, ზოგადად, ქალისთვის ნებისმიერ სამყაროში არის მნიშვნელოვანი ის, რასაც ახლა ჩამოვთვლი. ძალიან ვწუხვარ, თუ არსებობენ ქალები, ვისაც უნდა და არ ჰყავს შვილები, არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ იყო დედა, საყვარელი ქალი და შემდგარი პიროვნება, თვითკმარი, ეს არის ყველა ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი. თვითკმარობა არ გულისხმობს ამბიციურობას, ქალს შენი პირადი სივრცე, პროფესია, საქმე, შენი საყვარელი გარემო უნდა გქონდეს. როცა შემდგარი პიროვნება ხარ, შენი თავისთვის და ყველასთვის უფრო საინტერესო ხარ. მუდმივად უნდა განვითარდე და არასდროს გაჩერდე. არ უნდა იყოს თვითმიზანი, რომ საყვარელი მამაკაცისთვის და შვილისთვის იყო საინტერესო.  შენი თავისთვის რომ საინტერესო ხარ, ყველასთვის საინტერესო გახდები. არის კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად ჩამოვთვლიდი ამ სამ რამეს. ასე იქნება მუდმივად…

ყველა ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურებით. რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?

ცისანა სახლშიც ასე გამოიყურება, რადგან პირველ რიგში, ჩემს თავთან უნდა ვიყო კომფორტულად. ამას არ ვაკეთებ ვინმესთვის. ვაკეთებ ჩემთვის. პირდაპირ გეტყვით, არც საშუალება მაქვს, არც მოთხოვნა და არც დრო, რომ ზედმეტ კოსმეტოლოგიურ თუ ქირურგიულ ჩარევებს მივმართო. ასაკს თავისი სჭირდება, ვუვლი თავს, მაგრამ მინიმალურად. ჩვენში არის ის მზე და ის პიროვნული თვისებები, რომელიც ყოველთვის ეტყობა ადამიანს სახეზე. გინახავთ ბოროტი და ბოღმა ადამიანი, რომელიც კარგად გამოიყურება? ამას ვერ ისწავლი, ეს არ არის ერთდღიანი აქცია, რომ მე დღეს უნდა ვიყო კეთილი, მიყვარდეს ადამიანები ან ვიყო პოზიტიური, ეს უნდა იყოს შენში მუდმივად, არ უნდა გაგაბოროტოს არაფერმა. მეტსაც ვეტყვი ჩვენს მკითხველს – ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი და ბევრი ქარცეცხლი მაქვს გავლილი, მადლობა ღმერთს, არ ვამბობ, რომ ეს ჩემი პლუსია, რომ მე ამდენმა განსაცდელმა არ გამაბოროტა და არ შემცვალა. არც მე არ გამივლია ცოტა ტკივილი ცხოვრებაში. ცისანას რა ენაღვლება, ასე არ არის. თუ გამოვდგები მოტივატორად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პრობლემები აქვს, მათ ვეტყოდი, რომ უნდა გვიხაროდეს ყველას სიკეთე და გული გვტკიოდეს, თუ რაღაც ცუდი ხდება. ვცდილობ, ყველანაირი ნეგატივი ავისხლიტო, რადგან მერე ძალიან განვიცდი და აისახება ჩემს განწყობაზე. მაქსიმალურად ვიყოთ დადებითები და პოზიტიურები. სიბოროტესა და ცუდ საუბარზე ადვილი არაფერია. ყველაზე მარტივია, იყო ბოროტი, ბოღმიანი, ღვარძლიანი და ჭორიკანა.

საინტერესოა თქვენი ჩაცმის სტილიც – ამ მხრივაც მუდამ გამოირჩეოდით. როგორ არჩევთ სასცენო და ყოველდღიურ სამოსს? 

ჩემი ჩამოყალიბებული გემოვნება და სტილი მაქვს. ჯერ კიდევ 25 წლის წინ, ავთო ცქვიტინიძე რომ იწყებდა კარიერას და ჩემს სტილს ვაკერინებდი, სულ ამბობდა, ცისანური შემაკერინაო.  ალბათ, ეს გემოვნება თანდაყოლილია და დიდი მადლობა, რომ მოგწონთ. სტილიც ჩემია, ხასიათიც და ნაოჭიც, რომელსაც მე ვიღებ. მთავარია, მივიღოთ ყველაფერი, რაც არის და არ გავექცეთ… მივიღე რეალობა და ყველა ასაკში კარგად ვგრძნობ თავს.  ნოემბერში ვხდები 50 წლის და ვფიქრობ, რომ ასაკი არის ციფრები მხოლოდ და მხოლოდ. 20 და 25 წლის მოხუცი მინახავს. სიმძიმე დაჰყვებათ თან და ამ სიმძიმეს ასხივებენ. ჩემზე ხშირად უთქვამთ, შემოვიდა და შემოანათა პოზიტივიო… ეს ძალიან მახარებს…

 

სულ გახსნილად საუბრობთ თქვენს მარცხსა და გამოცდილებაზე პირადში. თქვენი აზრით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

დეტალები არასდროს გამომაქვს, ფაქტი – კი. რაც უნდა მოხდეს, ის იყო ჩემი წარსული, ციხე-სიმაგრე, ჩემი ოჯახი თუ შვილების მამა. კაცისგანაც არ მომწონს და არც ქალისგან. ერთ დროს ის შენი ნაწილი იყო. თავად გამცირებს ეს ამბავი, – თუ ცუდი იყო, რატომ იყავი მასთან? კარგი რომ ყოფილიყო, ხომ დარჩებოდი? არ მივეკუთვნები კატეგორიას, რომლისთვისაც ადვილია გადავჭრა და დავამთავრო ურთიერთობა, დიდხანს მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა. ვაღიარებ, რომ ვიყავი საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მაინც ილაპარაკებდნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი უინტერესო პირადი აქვთ და დარჩენიათ მხოლოდ ის, რომ შენს წარმატებულ ცხოვრებაზე იჭორაონ. ადამიანმა ზომიერების ფარგლებში ის უნდა გააკეთო, რაც გინდა, რადგან შენზე მაინც ისაუბრებენ ისეც და ასეც…

ხომ არ არის თქვენს ცხოვრებაში სიმპათია, რომელიც სხვანაირად გიციმციმებთ თვალებს, თუ ამისთვის მამაკაცი არ არის საჭირო?

ჩემი თვალები არ ვიცი, როგორ ციმციმებენ, მაგრამ პირველად ციმციმებენ ცხოვრებაში ასე. ამ ინტრიგით დავასრულოთ ინტერვიუ (იღიმის).  მე ვარ ყველაზე ბედნიერი დღეს და რაღაცნაირად ცხოვრება გადავაფასე, პრიორიტეტებიც და მივხვდი, რა არის მთავარი ურთიერთობებში – ეს არის ნდობა, ურთიერთპატივისცემა, დიდი სიყვარული და ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია სიყვარულისთვის, ეს არის მეგობრობაც… ცისანას თვალებს ასე არასდროს უციმციმია…

და ბოლოს, მინდა, ყველა ქალბატონს რჩევა გავუზიარო – ჩემი მტკივნეული თუ ბედნიერი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ იყოთ ბედნიერები თქვენი ცხოვრებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში იყავით მამაკაცის გვერდით – თუ თქვენზე ძალიან შეყვარებულები არიან, ძალიან ზრუნავენ, დიდი პატივს გცემენ და თუ ყოველი დილა, გათენება და დაღამება იწყება თქვენით, ხართ ერთადერთი. რასაც გაძლევენ, იმას გასცემთ. იყავით მხოლოდ ასეთ ურთიერთობაში და ასეთი ადამიანების გვერდით. მარტო ვყოფილვარ და არაფერი ამაში საშიში არ არის. მხოლოდ იქ იყავით, სადაც ამდენი ბედნიერებაა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g