ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქე თბილისში გადმოჰყავთ.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ დაუდასტურეს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში“.
როგორც კომიტეტში აღნიშნეს, ორგანიზაციას ცხინვალიდან მიმართეს:
„ამის შესახებ მიმართვა მივიღეთ და სამი ადამიანის ევაკუაციას განვახორციელებთ.
ჩვენი ორგანიზაცია როგორც ნეიტრალური შუამავალი, უკვე წლებია სამედიცინო ევაკუაციას ახორციელებს.
პროცედურა ასეთია – ჩვენთან შემოდის მიმართავ და ამის შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია, ტრანსპორტირებას და მხარეებს შორის მედიაციას უზრუნველყოფს.
ჩვენ 2010 წლიდან ვახორციელებთ ნეიტრალური შუამავლის როლს“, – განუცხადეს „ფორტუნას“ კომიტეტში.
შეგახსენებთ, დღეს დილით ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.
როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სააგენტო „რესს“ განუცხადეს, დაზარალებული სამი პირი მათი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სამინისტროს ცნობითვე, დაშავებულები, რომელთა თბილისში გადმოყვანაზეც კომიტეტს მიმართეს 19, 41 და 70 წლის ქალები არიან.