ბოლო პერიოდში კორონავირუსის ფონზე მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად შეცვალა საზოგადოებრივი ცხოვრება. რას ცვლის ადამიანებში ასეთი მოვლენები – ამ თემაზე “ფორტუნა აკადემია” ქოუჩ ლალი ბადრიძის ინტერვიუს გთავაზობთ.
“დღეს, მთელი კაცობრიობის ყურადღება კორონავირუსის გარშემო ტრიალებს. მსოფლიო, ამ ახალი ეპიდემიის გამო სწრაფ ტრანსფორმაციას განიცდის. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ხდება ბევრი რამის შეცვლა, რაც ხშირად მტკივნეულია.
რეკორდულად მოკლე დროში მსოფლიო უფრო ციფრული ხდება. ბუნებრივია მკვეთრად იცვალება ურთიერთდამოკიდებულებებიც, იზრდება დისტანციური მომსახურების მოთხოვნილება, ჩნდება ახალი სერვისები, თუმცა მთავარი აქ არც დინამიკაა და არც სიახლეები, მთავარი ადამიანებისა და ორგანიზაციების დამოკიდებულებაა ერთმანეთისა თუ სხვათა მიმართ.
ადამიანებსა და კომპანიებს, ცხოვრების არანორმალური რიტმის გამო, ხშირად სარკეში ჩახედვის დროც არა აქვთ. ზუსტად ამ დროს კრიზისი იქცევა ხოლმე ჭეშმარიტების მომენტად, სწორედ ამ დროს საზოგადოება უკეთ იწყებს საკუთარ თავის გაცნობას. ალბათ ამიტომაც ცხოვრება დროდადრო გვიწყობს მსგავს ,,შეჯანჯღარებებს”, იმისათვის, რათა შევამოწმოთ საკუთარი ღირებულებები, სიმყარე. ვინ ვარ? საით მივდივარ? რა მადარდებს? მოგება? სახელი? ადამიანები?
ახალმა რეალობამ პრაქტიკულად ყველას ახლებურად ფიქრი აიძულა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრათ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, მათ დამოკიდებულებას საკუთარი თანამშრომლების მიმართ.
მსოფლიოს კომპანიათა უმრავლესობა გადავიდა ონლაინ რაჟიმზე. საქართველოშიც უამრავმა კომპანიამ სწორად შეაფასა სიტუაცია, იზრუნა რა საკუთარ თანამშრომლებზე და მათ სახლიდან გაუსვლელად მუშაობის საშუალება მისცა.
ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი კომპანიების მხარდაჭერა და საკუთარი თავის მნიშვნელოვნება შეგრძნება. ამის მაგალითებს ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით.
ბანკებისა და სასტუმროების სოლიდარობა თანამშრომლების მიმართ ძალიან დასაფასებელია. თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ რიგ ორგანიზაციებში თანამშრომლების ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებენ. ასეთი დამოკიდებულება კი იმედგაცრუებისა და სტრესის მიზეზი ხდება, სტრესი კი თავის მხრივ ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც შესაბამისად ზრდის ინფიცირების რისკს.
დიდი ყურადღებით მოეკიდნენ ამ სიტუაციას უმაღლესი სასწავლებლები. მათ თანამშრომლებს საშუალება მისცეს ონლაინ სწავლების მეთოდები მცირე დროში შეისწავლონ და პრაქტიკაში დანერგონ. მიუხედავად ლექციებზე დასწრების შეჩერებისა, სწავლა გრძელდება.
დღეს, როდესაც ჩვენ გვიწევს სკოლებისა და სასწავლებლების დახურვა, გვესმის და ვიაზრებთ, რომ ურთიერთპატივისცემა და თანაარსებობაა ის, რისი შენებაც ფაქტიურად ყოველდღე თავიდან გვიწევს. ეს არის ის, რასაც ვეძახით საზოგადოებას, რაც თავისთავად გულისხმობს ადამიანობასა და ჰუმანურობას. ეს ჩვენი ცივილიზაციის ნაწილია, იმ ცივილიზაციისა, რომლის დიდი ნაწილიც დროებით ვირუსითაა მოცული.
მსოფლიო ტრანსფორმაცია, თავის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდებით ახალ, უკორონავირუსო რეალობაში, როცა საკუთარი თავთან პირისპირ დარჩენა უფრო მეტ სიხარულს მოგვიტანს”.