LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებამ ბევრი სირთულე გამომატარა… ჯერ ერთი ძმა გარდამეცვალა, მერე – მეორე“ – რას გვიყვება თამაზ ლოხიშვილი

230
2025-11-25_00-58-33_945457

ინფლუენსერ თამაზ ლოხიშვილს, იგივე „თამაზას“ ორი ძმა ჰყავს გარდაცვლილი.

ამ ტრაგედიაზე მან ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

„მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ ბევრი სირთულე გამომატარა, ყოველთვის ვცდილობ, გზა განვაგრძო. რთულ პერიოდში მე არავის ნუგეში არ მეხმარება, ეს ვერ მომიყვანს ხასიათზე. ხუთი წუთი მარტო უნდა დავრჩე, მომხდარი უნდა გავაანალიზო და ცხოვრება გავაგრძელო. ჯერ ერთი ძმა გარდამეცვალა, მერე – მეორე. სახლში რომ ვუყურებდი რა მდგომარეობა იყო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ვიგრძნობდი თავს. მეც იმდენი რამ გამოვიარე, მაგრამ მაინც ფეხზე დავდექი, იმიტომ, რომ არ მიყვარს ადამიანი, რომელიც წარსულს მისტირის. გულში ყოველთვის გამოიძებნება ადგილი განცდილი ტკივილისთვის, მას ვერც გონება დაივიწყებს, მაგრამ აუცილებელია, შენი ტკივილი ისე შეფუთო, რომ არც შენ შეგაწუხოს და არც სხვა. არის მომენტები, როცა გინდა, საკუთარი სულის სიღრმეში ჩაიხედო, ის ტკივილი გაიხსენო, ამაზე იფიქრო, განიცადო და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეიძლება, ყოველდღე და ყოველ წუთას ამით იყოს სავსე შენი ცხოვრება.

ზოგს უყვარს საკუთარი მტკივნეული გამოცდილებებით სხვებს თავი შეაცოდონ. ადრე რომ მკითხავდნენ, როგორ ხარო, ვპასუხობდი, ახლა კარგად-მეთქი. ანუ, ხაზს ვუსვამდი, რომ წინათ არ ვიყავი კარგად. ესეც არასწორია, თავს აცოდებ სხვას. ამიტომ ახლა იმავე კითხვაზე ვპასუხობ, რომ კარგად ვარ და მერე მართლა კარგად მიდის ყველაფერი. არც სხვისთვის შენი პრობლემების მოხვევაა კარგი და არც პრობლემებზე ჩაციკვლა. ამიტომ თქვი, რომ კარგად ხარ და ასეც იქნება. მე მიყვარს კარგი ცხოვრება. ჩემ უკან არის ოჯახი და მე ძლიერი უნდა ვიყო, რომ ოჯახს გვერდით დავუდგე. ამიტომ ჩემი კარგად ყოფნა და ჩემი შემოსავლის წყარო ძალიან მნიშვნელოვანია. შემოსავლისთვის უნდა ვიყო აქტიური, უნდა ვაკეთო რეკლამები, მქონდეს ცნობადობა, რომ ეს რეკლამები შევინარჩუნო და ასე შემდეგ.

ამიტომ ჩემი ძმის დაღუპვის შემდეგ, ცოტა დრო რომ გავიდა, თავიდანვე ტაშ-ფანდურით არ დამიწყია, მაგრამ მალევე გავაქტიურდი. თავიდან ვიდეოში არ ვჩანდი, მაგრამ კადრს მიღმა ბევრ საქმეს ვაკეთებდი. დრო რომ გავიდა, კადრშიც დავბრუნდი. მეგონა, ხალხი იტყოდა, რა კარგია, მდგომარეობიდან გამოდისო. ვიღაც ცუდსაც რომ იტყოდა, ამასაც ველოდი, მაგრამ ბევრს არა. რეალურად, რომ დაინახეს, გავიღიმე, იცი, როგორი ნეგატივი წამოვიდა?! მიწერდნენ: ნეტა რა გაცინებს, ორი ძმა გყავს დაღუპული და არ გრცხვენია?! აქ სიცილს გირჩევნია, ყოველ საღამოს შენი ძმის სასაფლაოზე იაროო. შენ რა იცი, რომ არ დავდივარ?! ასეთ დროს დედაჩემი მეტყვის ხოლმე: მთავარია, არ გაბოროტდე, აპატიეო.

ვიღაცის ნათქვამს პირდაპირ არ უნდა შეხედო. თუ პირში მითხრეს ასეთი რამ, შეიძლება მართლა თავი გადავაჭამო, მაგრამ კომენტარში რომ მიწერენ, სანამ შესაფერის პასუხს ავკრებ, წამებში ათასი ფიქრი მომდის თავში: ნეტა, თვითონ როგორ უჭირს ამ ადამიანს? იქნებ პრობლემები აქვს და ჩემზე ამოანთხია აგრესია, დაიცალა და ახლა კარგად არის… ხშირ შემთხვევაში, მართლა ისეთი ადამიანები იქცევიან ასე, ვისაც მართლა ძალიან უჭირს და ამიტომ თავს ვიკავებ, პასუხს აღარ ვცემ ხოლმე“, – ამბობს თამაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g