ნორვეგიაში მოგზაურობის მსურველებს საზღვარზე PCR-კვლევის შედეგის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ, – ინფორმაციას საქართველოში ნორვეგიის საელჩო ავრცელებს.
„ნორვეგიის სამეფოს საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელებს აღარ აქვთ ვალდებულება დაიცვან ერთ მეტრიანი დისტანცია, ატარონ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში და გადავიდნენ იზოლაციაში ინფიცირების დროს.
ცვლილებები შეეხო სამოგზაურო რეგულაციებსაც. კერძოდ, ნორვეგიაში მოგზაურობის მსურველებს საზღვარზე პსრ კვლევის შედეგის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ. ასევე გაუქმებულია მოთხოვნა ვიზიტორთა მიერ მოგზაურობის წინასწარი რეგისტრაციის შესახებ”,- აღნიშნულია ნორვეგიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ევროპის ცალკეული ქვეყნები კოვიდრეგულაციებს ეტაპობრივად ამსუბუქებენ.