COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების, ასევე, ჯანსაღი დისკუსიისა და მსჯელობის წახალისების მიზნით სოციალურ ქსელში „Facebook“ ჯგუფი – „COVID-19 & ვაქცინაცია (V-Talk Georgia)“ შეიქმნა.
აღნიშნული ჯგუფი შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების – ნინო ბერაძის, ნინო კვანტრიშვილის, ეთუნა ცოტნიაშვილისა და ნინო ბენდელიანის მოხალისეობრივი ინიციატივით.
ჯგუფის მიზანია, ერთ სივრცეში მოხდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სანდო და ოფიციალური წყაროების საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თავმოყრა, ვაქცინაციის სიკეთეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დამკვიდრებული მითების იდენტიფიცირება და დეზინფორმაციაზე რეაგირება.
ამავდროულად, ჯგუფი მის წევრებს საშუალებას აძლევს, პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, გაეცნონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრებებს და გაიზიარონ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ვაქცინირებული მოქალაქეების გამოცდილება.
ჯგუფში ინფორმაცია ვრცელდება ქართულ ენაზე, ზოგიერთ შემთხვევაში, შეთავაზებულია სტატიები და მასალები ინგლისურ ენაზე, რომლის ძირითადი შინაარსიც ითარგმნება ქართულად.
ჯგუფში „COVID-19 & ვაქცინაცია (V-Talk Georgia)“ გაწევრება შეუძლიათ როგორც ვაქცინაციის მომხრეებს, ისე ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე პირებს, ასევე მათ, ვისაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვს.
ჯგუფში ყოველდღიურად ზიარდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), წამლების ევროპული სააგენტოს (EMA), ვაქცინების მწარმოებლების, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და სხვა ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული სიახლეები, განცხადებები და ანალიტიკური სტატიები ვაქცინების, ვაქცინაციის პროცესისა და რეგულაციების შესახებ;
- საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის სტატისტიკური მონაცემები და სიახლეები, ასევე უახლესი კვლევების შედეგები;
- სიახლეები მსოფლიოში ავტორიზებული, დამტკიცებული და გამოცდის ეტაპზე არსებული ვაქცინებისა და მათი გამოყენების შესახებ;
- საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმებისა და, ზოგადად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული სიახლეები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, ვაქცინაციის პროცესისა და შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, ასევე, მათი რჩევები და რეკომენდაციები;
- ისტორიული ფაქტები, ინფოგრაფიკები, ვიდეო და ფოტო მასალები, სტატისტიკური მონაცემები და სხვა სიახლეები ვაქცინების შესახებ;
- დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის დაგეგმილი საკომუნიკაციო კამპანიები და მითები;
- ჯგუფის წევრთა პირადი გამოცდილება და შეკითხვები.
ჯგუფის უახლოესი გეგმაა – მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაზარდოს ჯგუფის წევრების რაოდენობა, გაააქტიუროს ცენტრალური და რეგიონული მედიის ჩართულობა და ხელი შეუწყოს ხელისუფლების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედია საშუალებებისა და სხვა უწყებების მიერ დაგეგმილი საინფორმაციო და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიების პოპულარიზაციას ჯგუფის ფარგლებში.
იყავი ინფორმირებული და გაიკეთე ვაქცინა. ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად! #vtalkgeorgia