7 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, კლინიკის „ახალი მზერის“ ოფთალმოლოგი გიორგი მექვაბიშვილი სტუმრობდა, რომელმაც სეზონურ ალერგიებსა და მხედველობის ორგანოზე მათ ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრა.
– გიორგი, რამდენად აზარალებს მცენარის მტვერი თვალებს?
– პოლინოზი – სეზონური დაავადებაა, რომელიც მეტწილად გაზაფხულზე, ყვავილობის სეზონზე ვლინდება ალერგიული კონიუნქტივიტით და ცრემლდენით, თვალების ქავილითა და შეშუპებით. თუმცა, ალერგიული კონიუნქტივიტი არა მხოლოდ თვალების პრობლემებით, არამედ ცხვირიდან გამონადენით, ხველით და საერთო სისუსტით ხასიათდება. აქვე აღვნიშნავ, რომ კონიუნქტივა – თვალის ლორწოვან გარსს ნიშნავს, კონიუნქტივიტი კი, ფართო სპექტრის დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ფორმითა და სიმძიმით ვლინდება. განსაკუთრებით ხშირია ალერგიული კონიუნქტივიტი, რომელიც სეზონურად მწვავდება და სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან საშინლად შემაწუხებელი და არაკომფორტულია.
– როგორ შეიძლება ალერგიული კონიუნქტივიტისგან თავის დაცვა?
– ძალიან რთულია პრევენციული ზომების მიღება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში დადგება გაზაფხული და ყვავილობის სეზონი. თუმცა, კარგი იქნება თუ ალერგიული კონიუნქტივიტით დაავადებულ პაციენტებს ეცოდინებათ რა ტიპის პრობლემასთან აქვთ საქმე. სხვათა შორის, ჩვენთან მოსული პაციენტების დიდი ნაწილი კარგად იცნობს საკუთარ დაავადებას, მის ყველა სიმპტომს და გამოვლინებას. მართალია, ბევრი წლების მანძილზე მკურნალობს, მაგრამ ზოგჯერ დაავადება განსაკუთრებით მწვავდება და სწორედ მაშინ გვაკითხავენ დახმარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია თვალის ალერგიული დაზიანების დროული მკურნალობა მცირეწლოვნებში. ბავშვებს თვალების სრესა სჩვევიათ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, რადგან კერატოკონუსს – მეტად სახიფათო, ქრონიკულ და აგრესიულად პროგრესირებად დაავადებას იწვევს, როცა თვალის რქოვანა ზიანდება და ხშირად სიბრმავის მიზეზიც ხდება. არსებობს კიდევ ერთი ალერგიული დაავადება – გაზაფხულის კატარი, რომელიც სტანდარტულ კონიუნქტივიტზე აგრესიულია და უყურადღებობის შემთხვევაში სრული დაბრმავებით სრულდება. დაავადებით მეტწილად მოზარდი ბიჭები იტანჯებიან, ამიტომ თუ მშობელმა შეატყო, რომ პოლინოზის დროს ბავშვი ინტენსიურად ისრესს თვალებს, აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.
– რა კატეგორიის პაციენტები მიეკუთვნებიან განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს?
– ძალიან რთულია რისკ-ჯგუფების გამოყოფა, რადგან ნებისმიერი შეიძლება გახდეს დაავადების მსხვერპლი. სამწუხაროდ, დაბინძურებულ გარემოში ინტენსიურად იზრდება სხვადასხვა ტიპის ალერგენები, ამიტომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათგან თავის დაცვა.
– რამდენად ნეგატიურად აისახება დაავადებაზე თვითმკურნალობა, რომელსაც პაციენტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართავენ?
– სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან აქტუალურია მეგობრების და მეზობლების რეკომენდაციით მკურნალობა, რაც ერთის მხრივ, ნაკლებად ეფექტურია, მეორეს მხრივ, ექიმთან ართულებს კომუნიკაციას, რადგან მას ჯერ პაციენტის გადარწმუნება, მერე საკუთარ კომპეტენციასა და მკურნალობის მართებულობაში დარწმუნება უწევს.
– რა ტიპის მკურნალობაა ყველაზე ეფექტური?
– მკურნალობა დაავადების სტადიასა და სიმწვავეზეა დამოკიდებული. მსუბუქი ალერგიის შემთხვევაში ადგილობრივი ანტიჰისტამინური პრეპარატები და დამატენიანებელი წვეთებიც გამოდგება. აქვე განვმარტავ, რომ დამატენიანებელ წვეთებს ორმაგი ფუნქცია აქვს – ერთის მხრივ, თვალს ატენიანებს, მეორეს მხრივ, თვალის ზედაპირზე არსებულ ალერგენს „გამორეცხავს“. დამძიმებული ფორმის შემთხვევაში ანტიჰისტამინებთანთან ერთად ის საშუალებები გამოიყენება, რომლებიც პოხიერი უჯრედების სტაბილურობას უზრუნველყოფს. თუმცა, ხშირად ალერგიის დამძიმებისას ადგილობრივი მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია და მეტწილად სისტემურ მკურნალობას მივმართავთ ალერგოლოგთან ერთად. ამასთანავე, ძალიან ეფექტურია დღეში რამდენჯერმე ცივი კომპრესების გამოყენება, რაც თვალების სიწითლეს აქრობს და ცრემლდენას ამსუბუქებს.