“მსოფლიო ლიდერებმა არ უნდა იფიქრონ, რომ COVID-19 სეზონური იქნება და ზაფხულში, გრიპის მსგავსად ჩაცხრება,” – ამის შესახებ ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
”ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს კვლავაც ექნება გავრცელების შესაძლებლობა, ცრუ იმედია ვთქვა, რომ კორონავირუსი გრიპის მსგავსად გაქრება, ეს ღვთიური საჩუქარი იქნება, მაგრამ ახლა, არანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ასე მოხდება” – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მანამდე განაცხადეს, რომ არსებობს ჰიპოტეზა, რომ კორონავირუსის გავრცელება ტემპერატურის მატებათან ერთად შემცირდება.
კორონავირუსის ახალ ტიპს მსოფლიოში 3 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაავადდა 100 ათასზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას,ბოლო ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტია განთავსებული, აქედან 9 მათგანს კორონავირუსი აქვს. როგორც კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მისი ინფორმაციითვე, 13 პაციენტის მონაცემი კორონავირუსზე ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა
წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცნობა.