დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ „ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ახლა მილიონობით ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ადამიანები არ იცრებიან და სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს“. აღნიშნული განცხადება მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პრობლემა სხვა ბევრ ქვეყანაშიცაა, რომლებსაც შეთქმულების თეორიებისადმი აქვთ მიდრეკილება.
„არიან ულტრაკონსერვატორები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან ნუ გვცრითო და არიან ულტრალიბერალები, არავითარი შეზღუდვა არ გვინდაო. ბევრი რამ კი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად მე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ჩვენ სულ გვეშინოდა ზაფხულიდან მოყოლებული, რომ ვაქცინები გვექნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობით, ახლა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში გვაქვს და ადამიანები არ იცრებიან, ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს.
მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ ვცადე, კომენტარებს არ ვშლი, რამდენიმესთან შევედი პოლემიკაში, მინდოდა, დამემტკიცებინა ფაქტებით და არგუმენტებით, რომ ვაქცინაცია სასიკეთოა და ჩვენს სიცოცხლეს იცავს, სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.