პირადად მე – ადამიანს, რომელსაც მსოფლიოს არცთუ ისე ცოტა ქვეყანა მაქვს ნანახი, რომ მკითხოთ, სად მინდოდა ყოველთვის და სად მინდა დღესაც ყველაზე მეტად მოგზაურობა, არც კი დავფიქრებდი ისე გიპასუხებთ, რომ ეს – აფხაზეთია. ამაზე იმდენს ვფიქრობ, ზოგჯერ მესიზმრება კიდეც, ჩემი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში როგორ ეშვება და ზურგჩანთით, ფერადი, შრიალა კაბით, შლაპით და მხრებზე მოგდებული საქართველოს დროშით, სოხუმში როგორ შევდივარ….
90-იანების ბავშვების ძალიან დიდ ნაწილს (რაღა ბავშვებს, უკვე ზრდასრულ ადამიანებს) ის არ გვინახავს და მხოლოდ პლატონურად გვიყვარს… გვსმენია მითები და ლეგენდები მასზე, მაგრამ ალბათ რეალურად ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო მისტიკურია, ვიდრე ვინმეს შეუძლია მასზე გვიამბოს… ამ სტატიაზე მუშაობის დროს ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი და კიდევ უფრო მეტად მომინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, გაფრინდეს ჩემი თვითმფრინავი სოხუმისკენ…
დღეს 28 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და იქ დრო გაჩერდა… მაგრამ, ალბათ, არასდროს გაჩერდება და დაპაუზდება იმის იმედი და მოლოდინი, რომ ისევ გადავლახავთ ენგურს და ისევ შევძლებთ აფხაზეთში დასვენებას, ცხოვრებას…
მაშ ასე, ერთად გადავავლოთ თვალი იმ 15 საოცარ ადგილს, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა ვნახოთ მას შემდეგ, რაც აფხაზეთი ისევ ჩვენთან იქნება…
როგორც იცით, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონი საქართველოში სწორედ – აფხაზეთია. ვიდრე აფხაზეთი ე.წ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ამ რეგიონის არაერთი ქალაქი და კურორტი განსაკუთრებით პოპულარული იყო როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებთათვის, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
დავიწყოთ ჩვენი ვირტუალური მოგზაურობა სოხუმიდან…
სოხუმის ბოტანიკური ბაღი
ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღი კავკასიაში. ის დაარსდა 1840 წელს, როგორც „სუხუმ-კალეს სამხედრო-ბოტანიკური ბაღი“ რუსეთის შავი ზღვის ფორტიფიკაციის ხაზის მეთაური ნ. რაიევსკის მითითებით, რეგიონში ახალი მცენარებიის დანერგვის მიზნით (განსაკუთრებით ჩაისა და ციტრუსების). 1853-55 და 1877-78 წლებში ბაღი თურქებმა გაჩეხეს რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში. 1889 წელს სოხუმი ბოტანიკური ბაღი სამოქალაქო მმართველობის ხელში გადავიდა, ხოლო 1894 წელს ნარგავების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ბაღში თავმოყრილ იქნა 4.500-ზე მეტი მცენარის სახეობა, მათ შორის 1200-მდე ტროპიკული.
გაგრა
მდებარეობს გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე, გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. შუა საუკუნეებში მას „გაგარი“ ეწოდებოდა, რაც ძველ ქართულში „ხეობაში ვიწრო გასასვლელს“ ნიშნავდა. ქართულ წყაროში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში. ძველად აქ, ზღვის პირას, გზა გადიოდა, რომელიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს საქართველოსთან და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიასთან აკავშირებდა. XIV-XV სს. იტალიურ და კატალონიურ რუკებზე აღნიშნულია Cacary//Chachari//Cacar//Chatari ფორმით.
ბიჭვინთა
ეს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. მას განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობდა. აქ გამორჩეულად სუფთა და ლამაზი ზღვაა. ბიჭვინთის როგორც ქართული და აფხაზური, ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები. ბიჭვინთაში მდებარეობს ბიჭვინთს ტაძარი. იგი X საუკუნის საკათედრო ტაძარია, არქიტექტურულად ბიზანტიურ ნაგებობას ემსგავსება.
ახალი ათონის მღვიმე
ეს არის კარსტული მღვიმე, რომლის გიგანტური დარბაზები მორთულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით და გაქვავებული ჩანჩქერებით. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინეს. ახალი ათონის მღვიმე გამოირჩევა დარბაზების განსაკუთრებულობით. დარბაზები და ტალანები შემკულია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ჰელიქტიტებით, სვეტებით, გაქვავებული ჩანჩქერებით, ფარდებით, მოფარდაგებულობით, კალციტის „ყვავილებით“ და „ფქვილით“, ოოლითებით, პიზოლითებით; არის კირქვის უზარამაზარი ლოდების გროვები და 20-30 მ სისქის თიხის ფენები. სამხრეთულ დარბაზებში წყალდიდობისას იჭრება წყალი. ახალი ათონის მღვიმე ძირითად ტურისტულ-საექსკურსიო ტრასაზე მდებარეობს. იგი სოხუმიდან დაშორებულია 24 კილომეტრით.
აფხაზეთი მდიდარია ნაკრძალებითაც: რიწის, ფსხუ-გუმისთისა და ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალები, სადაც უნიკალური სახეობის მცენარეები და ცხოველები გვხვდება.
ფსხუ-გუმისთის ეროვნული პარკი
ფსხუს ნაკრძალი წარმოდგენილია 27,334 ჰა. ფართობზე. ნაკრძალი, ძირითადად, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ფსხუს ნაკრძალი მოქცეულია მდ. ფსხუს ქვაბულში, რომელიც ბზიფისა და კავკასიონის მთავარი ქედებით არის შემოსაზღვრული. ნაკრძალი 1978 წელს შეიქმნა და მისი მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.
გუმისთის ნაკრძალის ფართობია 13,400ჰა. ნაკრძალი, ძირითადად, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ის მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ხეობაში მდებარეობს და 1978 წელს დაარსდა, აფხაზეთში არსებული ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად.
ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი
შეიქმნა 1966 წელს და მიზნად ისახავს ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას. ნაკრძალი აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამი მონაკვეთისგან — ბიჭვინთის 165 ჰა-ზე, მიუსერის 218 ჰა-ზე და ლიახვის მონაკვეთი 1296 ჰა-ზეა წარმოდგენილი. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან წარმოდგენილია: ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანი, ურთხელი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა და ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხმელეთისათვის დამახასიათებელი ისეთი მცენარეები როგორიც არის: ხემარწყვა, ხისმაგვარი მანანა.
რიწის ტბა
რიწის ტბა მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ-ზე მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე 101 მეტრია. რიწის წყალი მეტად მტკნარია. გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს.
1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა. იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.
კრუბერის გამოქვაბული
ეს გამოქვაბული მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბულია და მისი სიღრმე 2190 მეტრს შეადგენს. ამ ღირსშესანიშნაობას სხვა რეკორდებიც უკავშირდება. კერძოდ, ზოგერთი წყაროს თანახმად, აქ მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მდებარეობს. მისი სიგრძე 18 მეტრია, იგი შავ ზღვაში ჩაედინება.
ცნობისთვის, კრუბერის მღვიმე, რომელიც ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმეა დედამიწაზე, მდებარეობს ბერჭილის ქედზე, გაგრის რაიონში. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სტალაგმიტები, ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა.
თოვლიანი უფსკრული
თოვლიანი უფსკრული გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბზიფის ქედზე, ძინის უღელტეხილის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1975 მეტრზე. იგი 4 შემაერთებელი მღვიმისაგან შედგება: თოვლიანი – მეჟენი – ილუზია – ბანკა. უფსკრული ჭებისა და შახტების ვრცელ სისტემას წარმოადგენს და მისი სიღრმე 1760 მეტრია. თოვლიან უფსკრულშია მსოფლიოში ყველაზე ღრმად შემორჩენილი ყინული, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს. მისი ასაკი დაახლოებით 5 ათასი წელია. თოვლიანი უფსკრული 1971 წლის 9 აგვისტოს აღმოაჩინეს. 1971-1972 წლებში იგი გამოკვლეული იყო 720 მ სიღრმემდე, ექსპედიციები პერიოდულად ტარდებოდა, საბოლოოდ კი, 2011 წელს, განხორციელდა ჩაშვება მოროზოვის ტბაში, რის შედეგადაც მღვიმის სიღრმემ 1760 მეტრი შეადგინა.
ბესლეთის ხიდი (თამარის ხიდი)
სოხუმის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ბესლეთზეა გადებული. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა ერთმალიან, ერთცენტრიან, თაღოვან, კუზიან ხიდის წარმოადგენს. ხიდის სიგრძე 35 მეტრია, სიმაღლე კი – 8 მეტრი. თაღის ყოველ საპირე ქვებზე ქართული ასომთვრული ასოები ამოკვეთილი, დასავლეთ კიდეზე კი ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოთავსებული: “ქრისტე მეუფეო ყოველთა… ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი.” წარწერაში მოხსენიებული მეფე ბაგრატი მეფე ბაგრატ III ან ბაგრატ IV უნდა იყოს. ხიდი ნაგებია კირქვის ფილებით კირის დუღაბზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან მონუმენტური ქვა-სტელა იყო შემონახული ქართული წარწერით, რომელიც1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდი ქართული თაღოვანი ხიდების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.
წებელდის ციხე
გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წებელდაში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს: სამეთვალყურეო კოშკებს, საეკლესიო ნაგებობებს, სასახლის ნანგრევებსა და სხვადასხვა სახის თავდაცვით ნაგებობებს. წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის შესწავლისას გამოვლინდა ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტებიც. ბერძნული წყაროების მიხედვით, წებელდის ციხე ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, იგი კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე იყო, რომელსაც ლაზთა სამეფოს თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. კომპლექსი დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაშია და ყურადღებას საჭიროებს. ციხის გალავნის სიგრძე 150 მეტრია, ხოლო სიგანე – 50მეტრი. გალავანს კუთხეებში კოშკებია ჩართული. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, რომელიც ნახევარწრიული მოყვანილობისაა. კოშკს ჩრდილოეთით სამი სარკმელი აქვს გაჭრილი.
ბაბუშერას კოშკი
გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბუშერაში მდებარეობს. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ძეგლმა ჩვენამდე ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია, კედლები მხოლოდ სამი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. კოშკი გეგმაში წრიული მოხაზულობისაა. ნაგებობის დიდი ნაწილი მიწაშია ჩაფლული და გაწმენდას საჭიროებს. კედლების შემორჩენილ ნაწილზე ჩანს სათოფურები და თიხის მილები, სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. კოშკის შიდა დიამეტრი 4 მეტრს აღწევს, კედლების სისქე კი 1.5 მეტრია. ბაბუშერას კოშკი ნაგებია რიყის ქვით კირის დუღაბზე.
მჭიშთას ვოკლუზი აფხაზეთში
გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს: ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისქვეშა მდინარეა, იგი მღვიმედან გამოედინება. მღვიმის დერეფანს ბოლოში საკმაოდ ღრმა და მოზრდილი ტბა ახშობს. როგორც ჩანს, აქ იყრის თავს მჭიშთას ჩრდილოეთით მდებარე კარსტულ უფსკრულებში გამდინარე ნაკადები. მჭიშთას სიფონური დერეფნების მხოლოდ უკიდურესი დასავლეთ უბნის დაზვერვა მოხერხდა. მისი ძირითადი აღმოსავლური განშტოების გამოკვლევა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან მიწისქვეშა დერეფნებში წყლისაგან თავისუფალი სივრცეები სხვადასხვა ფორმის მოზრდილი ნაღვენთი წარმონაქმნებით არის ამოვსებული.
ახიბოხის ფანჯარა აფხაზეთში
გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბზიფის ქედის შუა ნაწილის თხემზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. იგი კირქვის კლდეებში გახსნილი გამჭოლი ბუნებრივი გვირაბია, რომელიც განადგურებული კარსტული მღვიმის ფრაგმენტს წარმოადგენს. “ფანჯრიდან” შესანიშნავი ხედები იშლება: ერთ მხარეს – აფხაზეთის სანაპირო, შავი ზღვა, და პონტოს ქედის ნაწილი, მეორე მხარეს კი – აფხაზეთის კავკასიონის მწვერვალები. ახიბოხის ფანჯარასთან მისასვლელად საკმაოდ რთული და გრძელი სალაშქრო ბილიკის გავლაა საჭირო, იგი განსაკუთრებით მიმზიდველია ველური ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. სახელწოდება “ახიბოხ” მთავრის მთას ნიშნავს, ამ მთის ირგვლივ მდებარე საზაფხულო საძოვრები აფხაზთა ძველი მთავრების – შერვაშიძეების საკუთრება იყო. კირქვის კლდეებში გახსნილი ბუნებრივი გვირაბი შორიდანვე მოჩანს და ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. ახიბოხის ფანჯარა საქართველოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი და საინტერესო ბუნების ძეგლია.
დრანდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ დრანდაში მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია აგურითა და რიყის ქვით ნაგებ ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გეგმით ახლოს დგას მცხეთის ჯვართან. ტაძრის ხუროთმოძღვრულ გადაწყვეტაში შეინიშნება ბიზანტიური და ქართული მხატვრული მისწრაფებების შერწყმა და იგი ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. დრანდის ტაძარი X-XVII საუკუნეებში საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული და გარკვეულწილად დაკარგული აქვს პირვანდელი სახე.
ოკუპაციის შემდეგ ქართული კვალის წასაშლელად ეკლესია მთლიანად თეთრად გადაღებეს, ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც გახვრიტეს ეკლესიის კედლები, ასევე ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. რეკონსტრუქციას ემსხვერპლა უნიკალური, VII საუკუნით დათარიღებული სანათლავი ემბაზი.
ცნობისთვის:
ტურიზმი აფხაზეთში ტექნიკურად არალეგალურია, რასაც განსაზღვარავს საქართველოს კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობა სადავო ტერიტორიაზე უცხოელებს შესვლას უკრძალავს. თუმცა, აფხაზეთის პლაჟები შავი ზღვის სანაპიროზე დღემდე იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს, რომელთაც ხიბლავთ ტრანსპორტირებისა და ბინადრობის დაბალი ფასები, აგრეთვე აფხაზეთის, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობის საბჭოთა მემკვიდრეობა. მიუხედავად რისკებისა, ყოველწლიურად აფხაზეთს დაახლოებით 300 000 ტურისტი სტუმრობს, ძირითადად, რუსეთიდან.
დღეს სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა… #აფხაზეთი საქართველოა, #რუსეთი ოკუპანტია
და შენამდე არცთუ ისე შორია….