მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი აცხადებს, რომ შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება.
„11 მიცვალებულიდან ამ ეტაპზე, როგორც ვიცი ამოცნობილია ექვსი პიროვნება. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ასევე დამატებითი სამუშაოები დანარჩენების ამოსაცნობად. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია, ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად 11 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. სტიქიის ეპიცენტრში კვლავ მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ძებნა.
მაშველებმა 210 ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უკვე მოახერხეს.