გარემოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ.
კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წინადადების საფუძველზე მომზადდა, ძალაში 2019 წლის 1 აგვისტოს შევიდა.
კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყოველთვიურ, 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ის გადაეცემა მათ ოჯახებს, ვინც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის, ან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ან ამ დროს მიღებული დაზიანებით დაიღუპა. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცებას 2 წელზე მეტი დასჭირდა. ის საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2019 წლის 17 აპრილს დაამტკიცა. დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება იყო.
„ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ისეთივე პატრიოტიზმია, როგორიც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით… ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის; ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორების და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ საქმიანობას აფასებს ქვეყანა.
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ხოლო კანონპროექტის ინიციატორები – პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და მერაბ ქვარაია,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.