ქართული ოცნების ფრაქციის ბოლო სხდომა და მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები. უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდეს, რაც მისი თქმით, სავარაუდოდ, საპარლამენტო თანამდებობებთან იქნება დაკავშირებული.
კითხვაზე, აქვს თუ არა ეკა ბესელიას საფუძველი უმრავლესობა დატოვოს, ქუცნაშვილი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.
„არ მგონია, სწორი იყოს, ვუკარნახოთ კოლეგებს, ვინ სად უნდა იყოს. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა თავისუფალი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა ვინმეს გარიცხვაზე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საუბარი იყო გუნდური თამაშის წესებისა და რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით.