LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახმარება სოფლად მცხოვრებ ქალებს – 90,000 დოლარის ხელშეწყობას 620 ოჯახი მიიღებს: UNDP

106
FORTUNA.GE (65)

საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. უმეტესწილად, ეს არაკომერციული საარსებო მეურნეობაა, რაც უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც საქართველოს განვითარების ერთ-ერთი დაბრკოლება. თუმცა, პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახისთვის სწორედ მიწათმოქმედება წარმოადგენს კრიზისის დაძლევის სტრატეგიას და საარსებო მინიმუმის მოპოვების გზას.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, 620 შინამეურნეობა დახმარებას მიიღებს და ამ პროგრამით სოფლად მცხოვრები ქალები ისარგებლებენ. – ინფორმაციას ამის შესახებ, გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახისთვის სწორედ მიწათმოქმედებაა კრიზისის დაძლევის სტრატეგია და საარსებო მინიმუმის მოპოვების გზა.

სწორედ ამიტომ, გაჭირვებული და დაუცველი ოჯახების დასახმარებლად, გაეროს განვითარების პროგრამამ, საქართველოს შვიდ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო დახმარების გავრცელება დაიწყო.

ჯამში, UNDP-ის ხელშეწყობით, რომლის საერთო ღირებულება 90,000 აშშ დოლარს შეადგენს, 620 ოჯახი ისარგებლებს.

 

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

 

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი კახეთსა და ქვემო ქართლში გაემგზავრა და 13 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მასალები და მცენარეთა დაცვის საშუალებები გადასცა.

ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ლუიზა ვინტონი შეხვდა ქალებს, რომლებიც ოჯახებზე მარტო ზრუნავენ და პანდემიის გამოწვევებს უმკლავდებიან. მათ შორისაა ბებია, რომელიც რვა შვილიშვილს პატრონობს, მრავალშვილიანი დედები, ქვრივები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მრავალშვილიანი დედა, ცერემბრალური დამბლით დაავადებული მოზარდი და მისი ოჯახი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვინტონმა დახმარება გადასცა სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლებს, რომლებიც აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში სვანეთში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ გადმოსახლდნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი UNDP-ის მხარდაჭერა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სოფლის მეურნეობა პანდემიის შედეგად არ დაზარალებულა, მაგრამ გამოიკვეთა, რომ ბევრმა სოფლად მცხოვრებმა ოჯახმა COVID-19-ის შედეგად სასიცოცხლო მნიშვნელობის შემოსავლის წყარო დაკარგა. განსაკუთრებით მწვავედ ეს იმ შინამეურნეობებზე აისახა, რომელთაც ქალები უძღვებიან. ჩვენი დახმარების შედეგად, ასეთი ოჯახები მეურნეობის გაფართოებასა და გაუმჯობესებას შეძლებენ და მეტ შემოსავალს მიიღებენ. – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

სხვა მასალებთან ერთად, UNDP-ის მიერ გავრცელებულ დახმარებაში შედის სასუქი და შხამ-ქიმიკატები, კერძოდ ფაროსანასგან დამცავი საშუალებები, რომელიც უკვე სამი წელია ანადგურებს მოსავალს საქართველოს სოფლებში.

დახმარება უკვე გავრცელდა იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სადაც ამ ხელშეწყობით 480-მა შინამეურნეობამ ისარგებლა. მომავალი კვირების მანძილზე დახმარებას კიდევ 140 ოჯახი მიიღებს.

სოფლად მცხოვრებ ოჯახებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა ასევე ხანდაზმულებსა და მიუსაფარ მოსახლეობას ეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები