LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახმარება თუ დახმარების ყიდვა: როგორ შეწყდება ომი უკრაინაში

272
c465b62976f4487b414101a4add92544

დონალდ ტრამპი და მისი იდეები და გადაწყვეტილებები მთელ მსოფლიოს მოედო და სწორედ აშშ-ის ახალი პრეზიდენტია ყურადღების ცენტრში. მისი ცნობილი განცხადება, რომ უკრაინაში ომს მალე დაასრულებდა, ახალ მიმართულებას იძენს: ტრამპი ერთგვარ ვაჭრობას იწყებს – უკრაინას იშვიათ ლითონებს სთხოვს დახმარების სანაცვლოდ.

ძირითადად სწორედ ამ თემას შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი, რომელიც ასევე შეეხო სხვა საკითხებს: ტრამპის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას: გრენლანდიის მისამართით არსებულ რეალურ გეგმას; ტარიფებს კანადისა და მექსიკის მიმართ და სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას პანამასთან დაკავშირებით, სადაც ჩინეთის გავლენა და ინტერესები უნდა შეიზღუდოს.

ჩინეთთან სატარიფო ომი ცალკე ამბავია. ტრამპს სურს 100 დღის ვადაში ეწვიოს ჩინეთს და მიაღწიოს კონკრეტულ შეთანხმებებს აშშ-ის ეროვნულ ინტერესების შესაბამისობაში.

ამასობაში აშშ-ის ეწვია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ტრამპმა აღნიშნა, რომ მზად არის ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც და მასთან შეთანხმების მიღწევაზეც.

„მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავინდებურად მიმართულია აშშ-სკენ. დონალდ ტრამპის განცხადებები მუდმივად იწვევს ერთგვარ შოკურ ტალღებს, შემდეგ კი ხდება რეაქციებისა და მსჯელობის საგანი.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დედამიწის ყველა მიმართულებით მისი ქვეყნის ინტერესების განხორციელების თაობაზე აკეთებს განცხადებებს, გამოდის ინიციატივებით. მის შეთავაზებებში არის ერთგვარი მუქარაც, გარკვეული შედეგებიც აქვს და მოლოდინებიც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო განაცხადი ეხება უკრაინაში აშშ-ის ინტერესს იშვიათი ლითონების მოპოვებაში ამერიკული ინვესტიციების მონაწილეობის შესახებ. ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი და მარტივი თემა. აქ არის უზარმაზარი, ძალიან მნიშვნელოვანი მარაგები, მათ შორის ლითიუმი, რომლისგან მზადდება ელექტრობატარეები, ტიტანიუმი, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ელემენტია. აშშ-ს აქვს ინტერესი ჰქონდეს წვდომა ტრილიონობით დოლარად შეფასებულ მარაგებთან და არ დაუშვას მათზე წვდომა ჰქონდეს უმთავრეს მეტოქე ჩინეთს და ასევე რუსეთს. შესაბამისად ეს დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეწყვეტასთან. ტრამპის ჯგუფები ასევე ესაუბრებიან რუსებს და მზადდება შეხვედრა პუტინთან. ტრამპს მყარად უჭირავს ის პოზიცია, რომ რუსეთს მოუწევს მის შეთავაზებულ შეთანხმებაზე დათანხმება. უკრაინის პოზიციასთან დაკავშირებით კი ტრამპმა განაცხადა, რომ აქვთ მზაობა ხელი მოაწერონ და მიაღწიონ შეთანხმებას.

სირთულეს წარმოქმნის ის, რომ მარაგების დიდი ნაწილი განთავსებულია უკრაინის აღმოსავლეთში, სამხრეთში, იქ, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე დონბასის ტერიტორიებზე, სადაც რუსული საოკუპაციო ჯარები იმყოფებიან. პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორიების ეს ნაწილი რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს წარმოადგენს.

13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში და ის გაახმიანებს პირველ დეტალებს აშშ-ის პრეზიდენტის გეგმიდან, რომელიც ომის შეწყვეტას ეხება.

ცხადია რუსეთიდან ნეგატიური რეაქცია იყო. პუტინის სპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება არის არა დახმარება, არამედ დახმარების მიყიდვა და უმჯობესი იქნებოდა საერთოდ არ გაეწია თუ მართლა აქვს ტრამპს ომის დასრულების სურვილი.

უფრო შორს წავიდა სერგეი ლავროვი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ტრამპის პოზიცია და იდეა – აშშ უპირველეს ყოვლისა – ძალიან სახიფათოდ მოაგონებს ადოლფ ჰიტლერის – გერმანია უზენაეს ყოვლისა – ცნობილ იდეალოგიას და ამერიკელი კოვბოები უნდა დაფიქრდნენ, რომ ახლა მსოფლიო ბევრად განსხვავებულია და შეეგუონ, რომ მსოფლიო უკვე არის მრავალპოლუსიანი და აღარ არის აშშ-ის ჰეგემონია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g