LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამსაქმებელს სანქცია დაეკისრება, თუ თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს

99
working-time-regulations-210245872

დამსაქმებელს სანქცია დაეკისრება, თუ ის თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს,  – ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი აცხადებს. ბექა ფერაძის თქმით, სანქციების მექანიზმი ბრუნვაზეა მიბმული და მერყეობს 400-დან 1 000 ლარამდე.

„ჩვენ ვეუბნებით კომპანიებს, რომ თავად შეუძლიათ აირჩიონ როგორც პროგრამული, ისე მატერიალური უზრუნველყოფის გზა. ეს განპირობებულია იმით, რომ მსხვილ კომპანიებს აქვთ საშუალება ელექტრონულად მოახდინონ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღრიცხვა, ხოლო მცირე კომპანიებს, რომელსაც ამის რესურსი არ აქვთ, შეუძლიათ წერილობით აწარმოონ ტაბელი. სამომავლოდ, თუ ეს არჩევანი აღარ მიეცემა ბიზნესს და სავალდებულო გახდება ყველასათვის ელექტრონული წარმოება, ეს იქნება ისეთივე ანგარიშგების შევსების ფორმა, როგორც ახლა ნებისმიერი ბიზნესსუბიექტი ავსებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფინანსურ ანგარიშებს. სამომავლოდ ეს თუ მოხდა, არ იქნება ზედმეტი ხარჯის წარმომქმნელი, ან შემზღუდავი ნორმა, პირიქით“, – განაცხადა ფერაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოება დამსაქმებლებს 1-ლი მარტიდან დაევალათ. დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები